ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-12

ნაშრომების მიღება ჟურნალ „თსუ სამართლის მიმოხილვის“

გაცნობებთ, რომ გამოცხადებულია ნაშრომების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის – „თსუ სამართლის მიმოხილვის“ (TSU LAW REVIEW) 2017 წლის ნომრისთვის.

1.ნაშრომის წარმოდგენის უფლება აქვთ თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, ან მაგისტრატურის ნებისმიერი კურსის/სემესტრის სტუდენტებს;

2.ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს მაქსიმუმ ორი თანაავტორი;

3.ჟურნალში დაბეჭდილი ნაშრომის ავტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია მითითებული იქნება 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მდგომარეობით;

4.ჟურნალისთვის შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული;

5.ნაშრომი შეიძლება მომზადდეს სამართლის ნებისმიერი მიმართულებით, ნომრისთვის გათვალისწინებული შემდეგი რომელიმე რუბრიკის ფარგლებში:

ა) სტატია; ბ) საკანონმდებლო ცვლილების ანალიზი; გ) სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი; დ) სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.

6.ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) ნაშრომი (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 გვერდს, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით; ბ) რეზიუმე (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს;

7.ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა). სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს;

8.ნაშრომი და რეზიუმე შესრულებული უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტში, ქართული ტექსტი AcadNusx-ის, ხოლო, უცხოენოვანი – Times New Roman-ის ფონტით. ნაშრომის ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 12, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 10. სტრიქონებს შორის დაშორება – ერთი ინტერვალი;

9.ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური წერის დადგენილ სტანდარტებს/სტილს (იხ.დანართი 1), ხოლო, რეზიუმე შესაბამისობაში უნდა იყოს მისი შედგენისთვის განსაზღვრულ სტანდარტებთან (იხ.დანართი 2);

10.ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება რედაქციის მიერ, ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ასევე, ნომრის საერთო მოცულობის გათვალისწინებით. რედაქცია იტოვებს უფლებას, ავტორ(ებ)თან შეთანხმებით, ნაშრომში შეიტანოს რედაქციული ხასიათის ცვლილებები;

11.ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. საავტორო ჰონორარი არ არის გათვალისწინებული. თითოეული ავტორი მიიღებს გამოცემული ჟურნალის 1 ეგზემპლარს;

12.დოკუმენტების წარმოდგენა უნდა მოხდეს ა/წ 13 თებერვლიდან 15 მაისის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტის მისამართზე – lawrev@tsu.ge (ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ იქნება განხილული).

იხ. ჟურნალის პირველი ნომერი 
იხ. ჟურნალის Facebook გვერდი 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად/კონსულტაციის გასავლელად, მიმართეთ რედაქციას, ზემოთ მითითებულ მისამართებზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე