ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-06-17

პლატფორმა რეფორმებისთვის

29 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ საუნივერსიტეტო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე ,,უნივერსიტეტის მოდერნიზაცია:  სტუდენტი, როგორც უნივერსიტეტის განახლების პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე“.

ბოლო პერიოდში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა  კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც უმაღლესი განათლების მთელი სისტემა დგას ჩვენს ქვეყანაში. საუნივერსიტეტო საზოგადოებაში გაჩენილი განახლების მოთხოვნა  მისი განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისის წინაპირობაა. უნივერსიტეტი უნდა იქცეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრად, რაც გულისხმობს  განათლების ხარისხის ამაღლებას, სამეცნიერო კვლევების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზებას, უნივერსიტეტის მართვის მექანიზმებისა და მასში სტუდენტების მონაწილეობის ფორმების  სრულყოფას. ეს  ფუნდამენტური განახლების პროცესია და უნივერსიტეტის პროფესურის,   სტუდენტებისა და ადმინისტრაციის  აქტიური მონაწილეობითა და მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს.

როგორი უნდა იყოს რეფორმები და რა ცვლილებებია გასატარებელი საუნივერსიტეტო  განათლების სისტემაში, ამ თემების განსახილველად გთავაზობთ შევქმნათ საუნივერსიტეტო პლატფორმა, რომლის დანიშნულება იქნება უზრუნველყოს სტუდენტებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის ღია და აქტიური ჩართულობა აღნიშნული საკითხების კოლეგიალურ განხილვაში.
ამ საკითხებზე  მსჯელობის დასაწყებად 29 ივნისს გიწვევთ საუნივერსიტეტო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე ,,უნივერსიტეტის მოდერნიზაცია:  სტუდენტი, როგორც უნივერსიტეტის განახლების პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე“.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია თსუ-ს ყველა დაინტერესებულ სტუდენტს, სტუდენტთა ფორმალურ თუ არაფორმალურ გაერთიანებებს, უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელთაც სურთ იმსჯელონ, განიხილონ არსებული პრობლემები და გაიზიარონ მსგავსი საკითხების გადაჭრის საერთაშორისო გამოცდილება.
 
მონაწილეთა რეგისტრაცია: 17 - 27 ივნისი. ვებგვერდზე:  www.tsumodernization.tsu.ge
 
მოხსენების წარდგენის  ფორმა:  მოხსენების ანოტაცია  წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით და გაიგზავნოს  შემდეგ მისამართზე  unimodplatform@tsu.ge არაუგვიანეს 27 ივნისისა.
 
კონფერენციაზე სამუშაოდ განსაზღვრულია რამდენიმე მიმართულება:
სტუდენტური გაერთიანების/ორგანიზაცების/ინსტიტუციის მოწყობის/მართვის მოქმედი ფორმების სამართლებლივი ანალიზი სხვადასხვა ქვეყნის  მაგალითზე (სტუდენტთა უფლებების და მოვალეობების  განმსაზღვრელი ნორმატიული დოკუმენტები და საკანონმდებლო აქტები).
 
უცხოური უნივერსიტეტის/უნივერსიტეტების მაგალითი (მათ შორის სტუდენტური გაერთიანებების/ორგანიზაციის/ინსტიტუციის ფუნქცია-მოვალეობების აღწერა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრირებაში/ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტუდენტთა ჩართულობის/ თანამონაწილეობის ფორმა/მოდელი/კონცეფცია).
 
შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს ერთი ქვეყნის ჭრილში სხვადასხვა საუნივერსიტეტო მოდელი ან რამდენიმე ქვეყნის ჭრილში ერთი მოდელის ანალიზი.
წარმოდგენილი მოდელის მიმართება ქართულ რეალობასთან. ანალიზი/დასაბუთება:  რამდენად გამოდგება ეს მოდელი ქართულ სინამდვილეში.
წარმოდგენილი მოდელის დანერგვის/განხორციელების ხედვა.
 
დამატებით ინფორმაციისათვის დაგვიკავშიდით:
ელ.ფოსტა: unimodplatform@tsu.ge
ტელ.: +995 599 06 57 20

კონფერენციის ჩატარების  დრო და ადგილი:  2016 წლის 29 ივნისი, თსუ პირველი კორპუსი, აუდ. N 107


Print

« იხ. ყველა სიახლე