ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-12-06

საერთაშორისო კონფერენცია „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები”

19-22 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო კონფერენცია „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები” გაიმართება.

კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 და თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს.

1968 წლის 29 ოქტომბრს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის კოლეგიის გადაწყვეტილებით შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებელ ბალანსზე მყოფი გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტის უმთავრეს ამოცანად განისაზღვრა გამოყენებითი მათემატიკის აქტუალური პრობლემების კვლევა, სასწავლო პროცესისა და კვლევითი მუშაობის ინტეგრაციის მიზნით კვლევით სამუშაოებში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ჩართვა, მათემატიკური მეთოდებისა და გამოთვლითი ტექნიკის დანერგვა უნივერსიტეტის არამათემატიკურ სამეცნიერო დარგებშიც. 1978 წელს ინსტიტუტს მიენიჭა მისი დამაარსებლის და პირველი დირექტორის ილია ვეკუას სახელი.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე კვლევებისა და მიღებული უახლესი შედეგების პრეზენტაციას, ასევე მეცნიერებს შორის კონტაქტების დამყარებასა და გაღრმავებას, მათ შორის უახლესი ინფორმაციის გაცვლას. ინსტიტუტის დაარსების წლებიდან ჩაეყარა საფუძველი ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებში დასაქმებულ მეცნიერთა ფართო წრეების შეხვედრებს. ასეთი შეხვედრები აძლევენ საშუალებას ორივე მიმართულებით მომუშავე მეცნიერებს დასვან ახალი ამოცანები, განიხილონ ისინი და დასახონ თანამშრომლობის გეგმები.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
•უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემები და ანალიზის მონათესავე საკითხები
•მათემატიკური მოდელირება და გამოთვლითი მათემატიკა
•დისკრეტული მათემატიკა და ალგორითმების თეორია
•ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა
•რიცხვთა თეორია, ალგებრა და გეომეტრია



Print

« იხ. ყველა სიახლე