ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-07

საგრანტო კონკურსი ჰაკათონის, მეიქათონისა და კრეათონის ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად

საქართველოს ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების  სამინისტროს  სსიპ  ინოვაციების და ტენქოლოგიების სააგენტო აცხადებს  საგრანტო განაცხადების  მიღებას ე.წ. ჰაკათონის, მეიქათონისა და  კრეათონის ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად, რომელიც ითვალისწინებს  მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული  იდეის  ბიზნეს მოდელისა თუ  პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას.

განაცხადები მიიღება 2016 წლის 5 აპრილიდან 22 აპრილამდე. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით 15 აპრილს ტექნოპარკში (ინოვაციების ქ. #7, თბილისი,  ოქროყანა) საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

საგრანტო კონკურსის  მიზანია ქვეყანაში არსებული ინიციატივების წახალისების  გზით ჰაკათონის, მეიქათონისა და კრეათონის ტიპის კონკურსების რაოდენობის ზრდა და მათ მიერ კონკრეტული პროდუქტების შექმნის ხელშეწყობა. ის საუკეთესო საშუალებაა ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებისათვის. ამ ტიპის ღონისძიებებზე მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისაგან შემდგარი გუნდები, დაამზადონ პროტოტიპი, მიიღონ გამოცდილება და პრაქტიკულად განახორციელონ საკუთარი იდეები.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პრიორიტეტია არსებული  საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოში გაჩნდეს ბაზარზე ორიენტირებული ინოვაციური   პროდუქტი, ან განვითარდეს და დაიხვეწოს უკვე არსებული. ეს ხელს შეუწყობს იდეების  რეალობად ქცევასა და მომავალი ბიზნეს  სექტორის განვითარებას ქვეყანაში.

საგრანტო კონკურსში  მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და არაკომერციულ იურიდიულ პირს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. 2016 წლის განმავლობაში კონკურსი  ყოველკვარტლურად ჩატარდება, რომლის შედეგად თითოეული მიმართულებიდან (ჰაკათონი, მეიქათონი, კრეათონი) შეირჩევა 2 პროექტი, რაც კვარტალში ჯამში 6 პროექტს დაფინანსებას გულისხმობს.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დაარსების დღიდან ხელს უწყობს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას. საგრანტო კონკურსი 2016 წელს არის  საშუალება  მათი  რაოდენობის გაზრდის, რაც უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობას შეუწყობს ხელს.

საგრანტო კონკურსის სარეგისტრაციო ფორმისა და დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე
Print

« იხ. ყველა სიახლე