ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-10-05

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ფონდის პრეზენტაცია

4 ოქტომბერს მოსწავლეთა ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოსთან არსებული ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ფონდის დაარსების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები მიენიჭათ. ქეთევან ბიაშვილმა და თამარ ხეტაშვილმა სტიპენდიების მოპოვება მაღალი აკადემიური მოსწრების და ჟიურის მიერ დანიშნული თემის: „რას ნიშნავს შენთვის ექვთიმე თაყაიშვილის სტიპენდიანტობა“ საუკეთესო შესრულებისთვის მიიღეს.
ექვთიმე თაყაიშვილის ფონდი საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ინიციატივით შეიქმნა. ფონდის მიზანია იმ სტუდენტთა ხელშეწყობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფრანგული კულტურით. ყოველწლიურად ფონდი ერთი წლის ვადით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიებს მიანიჭებს. როგორც საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტმა ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა ფონდი სტუდენტების ხელშეწყობას უფრო აქტიურად განაგრძობს და მომავალში სტიპენდიანტთა რაოდენობაც გაიზრდება.
ღონისძიებას  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ქართველი ლიტერატორები დაესწრნენ.










Print

« იხ. ყველა სიახლე