ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-10-21

ნატოს ელჩები სტუმრად თსუ–ში

21 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატოს წევრი ქვეყნის ესტონეთის ელჩი ეწვია. საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში იური ლუიკმა  სტუდენტებთან  შეხვედრა გამართა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სტუდენტებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დეტალები, ალიანსის შესაძლებლობები და დადებითი მხარეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება აინტერესებდათ.

„მოხარული ვარ, რომ დღეს შესაძლებლობა მეძლევა გავმართო შეხვედრები მათთან, ვინც დაინტერესებულია ქვეყნის მომავლით და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესით. მე შევხვდები ინტელექტუალურ ლიდერებს და სამომავლო გეგმებს განვიხილავთ. ლისაბონის სამიტის წინ მსგავსი დისკუსიები და მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ინფორმაციის გამოყენებას ყველა ჩვენგანი შეეცდება. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და მოხარული ვარ, რომ მათი ინტერესი შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილე“, – აღნიშნა ელჩმა იური ლუიკმა.  

შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი და  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი დაესწრნენ.

კვირეულის ღონისძიებები ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება. ნატოს კვირეული საქართველოში 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
Print

« იხ. ყველა სიახლე