ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-07-21

გოჩა ჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში

20 ივლისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გოჩა ჯაფარიძის წიგნის „ძიებანი“ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც ავტორმა აღნიშნა, კრებულში თავმოყრილია 30-ზე მეტი სტატია საქართველოსა და ახლო ამოსავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის საკითხებზე, ისლამის გავრცლებაზე საქართველოში, გენეალოგიურ, ონომასტიკურ და ტოპონიმიკურ ძიებებზე, ქართული დიპლომატიის ისტორიაზე, ქრონოლოგიაზე, ქართულ და ისლამურ ნუმიზმატიკასა და მეტროლოგიაზე, ქართული და უცხოური სამეცნიერო ნაშრომების მიმოხილვები და რეცენზიები.
     ჰუმანუტარული ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის თქმით: „წიგნი მრავალი კუთხით წარმოაჩენს იმ ისტორიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთის ქვეყნებს საქართველოს მომიჯნავე ქვეყნებს საქართველოსთან აკავშირებდა. არაბულ წყაროებზე დაყრდნობით, წიგნში წარმოდგენილია მრავალი ახალი მიგნება.  ეს არის წიგნი, რომელიც საინტერესოა როგორც მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის, აგრეთვე ძალიან საინტერესო და საჭიროა სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ ისტორიას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს წიგნი გამოადგებათ ჩვენს სტუდენტებს როგორც სახელმძღვანელოდ,  ხოლო ჩვენს მკვლევრებს როგორც საფუძველი შემდგომი ახალი კვლევებისა. უახლოეს ხანებში იგეგმება მისი მეორე და მესამე ნაწილის გამოცემაც“.
    პრეზენტაციას აკკადემიური წრის წარმომადგენლები და პროფესორები ესწრებოდნენ.
თსუ პროფესორი გოჩა ჯაფარიძე თსუ-ში პროფესორ ვალერიან გაბაშვილის მიერ ჩამოყალიბებული აღმოსავლემცოდნეობის სკოლის წარმომადგენელი, აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, არაბისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორია. წლების მანძილზე იმყოფებოდა არაბულ ქვეყნებში დიპლომატიურ სამსახურში. 2007-2010 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ეგვიპტესა და სირიაში.
გოჩა ჯაფარიძეს გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აკადემიურ გამოცემებში, ქართულ, ევროპულსა და არაბულ ენებზე. მათ შორისაა მონოგრაფიები: ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო მეთორმეტე და მეცამეტე საუკუნეების პირველ მესამედში, ცნობარები თანამედროვე არაბული ქვეყნების შესახებ. მისი ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით გამოიცა ისლამი- ენციკლოპედიური ცნობარი.
გოჩა ჯაფარიძის სამეცნიერო ნაშრომების თემატიკაა: ისლამი, საქართველოსა და ისლამური სამყაროს ისტორიული კონტაქტები, ისლამური და ქართული ნუმიზმატიკა და მეტროლოგია, ქრონოლოგია, ვექსილოლოგია, ონომასტიკა, დიპლომატიის ისტორია, დიპლომატიკა, ქართველი მემლუქები ეგვიპტეში, ქართველები წმინდა მიწაზე, თანამედროვე არაბული ქვეყნები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

Print

« იხ. ყველა სიახლე