ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-03-04

მასობრივი რეპრესიები საქართველოში (1937-39 წლები) – კონფერენცია თსუ-ში

4 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოში 1937-1939 წლებში განხორციელებულ რეპრესიებს მიეძღვნა. "ფოლკსვაგენის" ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტზე მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო და მისი მიზანი რეპრესიების პერიოდის საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე მასალების მოძიება და მათი ერთად თავმოყრა წარმოადგენს.

თსუ-ში გამართულ შემაჯამებელ კონფერენციაზე პროექტში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მეცნიერებმა გაწეული სამუშაო წარმოადგინეს. პროექტის მიხედვით, რეპრესიების პერიოდის შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობდა: შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების დამუშავება-გაანალიზება, რეპრესირებულთა ოჯახის წევრებთან ინტერვიუები, ე.წ. "ტროიკების" მუშაობის პრინციპი და შედეგები და სხვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელის ომარ თუშურაშვილის განცხადებით: "შსს-ს არქივში საბჭოთა კავშირის დროინდელი უშიშროების და პარტიული ორგანოების არქივებია გაერთიანებული. ეს კი იმის საშუალებას იძლევა, ისეთი საძიებო და კვლევითი სამუშაოები ჩატარდეს, რომ რეპრესიების დროინდელი პერიოდი ძირფესვიანად შევისწავლოთ. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 1991-1992 წლების მოვლენების დროს განადგურდა არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი."

"პროექტის მიზანია ამ საკითხით დაინტერესებული მკითხველისთვის ამომწურავი მასალის მიწოდება, საზოგადოებისათვის უცნობი ფაქტების სამზეოზე გამოტანა. ამ საქმეში ჩართული მკვლევარები კონფერენციაზე ერთმანეთს გავაცნობთ კვლევის შედეგებს და ახალ მასალებს. საბოლოოდ კი მონოგრაფიის გამოცემას ვგეგმავთ", – აღნიშნა თსუ-ის პროფესორმა დალი კანდელაკმა.

მონოგრაფია "ბოლშევიკური წესრიგი" წლის ბოლოსთვის გამოიცემა.

Print

« იხ. ყველა სიახლე