ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-04

ვალდის ზატლერსის შეხვედრა სტუდენტებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა  და საჯარო ლექცია  „ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები“ წაიკითხა. შეხვედრას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ლატვიის ელჩი საქართველოში ელიტა გაველე დაესწრნენ. სტუდენტებთან შეხვედრა ევროპის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა შეხვედრაზე ისაუბრა ევროკავშირსა და ნატოში ლატვიისა და საქართველოს ინტეგრაციის გზების მსგავსებაზე; ევროსტრუქტურებსა და ნატოში გაწევრიანების შემდეგ ლატვიაში განხორციელებულ ცვლილებებსა და საქართველოს მიერ დასავლეთისკენ გადასადგმელ ნაბიჯებზე. „მოხარული ვარ, რომ ამ შეხვედრაზე ვიმყოფები, რადგანაც ვფიქრობ, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ახალგაზრდებთან საუბარია, ვინაიდან ისინი არიან ჩვენი მომავალი. ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ წარსულში და ვიხილოთ რა გავაკეთეთ, მაგრამ  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ მომავალი, რაც ვფიქრობ მომავალ თაობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა.
„ჩვენს უნივერსიტეტში სტუმრად მოვიდა ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სტუდენტებთან შეხვედრა, რადგანაც ახალგაზრდები პოლიტიკოსებისთვის ყოველთვის საინტერესო აუდიტორიაა. ჩვენს სტუდენტებს  შესაძლებლობა აქვთ მიმართონ მას კითხვებით და ევროპის ერთ-ერთი ლიდერისაგან მოისმინონ რა გამოცდილება გაიარა მისმა ქვეყანამ, რომ გამხდარიყო ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ასეთი შეხვედრები უნივერსიტეტისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ მოხარული ვართ მაღალი რანგის სტუმრების მიღებით“, - აღნიშნა თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.  
შეხვედრის ბოლოს უნივერსიტეტის რექტორმა ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
ვალდის ზატლერსი ლატვიის პრეზიდენტი 2007–2011 წლებში იყო. საქართველოს პრეზიდენტმა 2009 წელს ვალდის ზატლერსი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვდა.  
4-11 მაისს ევროპის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტი შიდა ქართლის რეგიონში. ვალდის ზატლერსი ასევე შეხვდება ექსპერტებს და  ევროპული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებს.
ევროპული კვირეულის ფარგლებში ქალაქ თბილისის საკრებულოში  გაიმართება კომიქსების გამოფენა და ილუსტრირებული ბროშურის პრეზენტაცია „ევროპული გზა-ეს ჩემი არჩევანია“.  თავისუფალ უნივერსიტეტში ვროპული ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ევროპარლამენტის სიმულაცია - ფინალი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია -ჩატარდება. შვედეთის საელჩოში გაიმართება ღია კარის დღე, რომელშიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის ინიციატივით ოკუპაციის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა  „დონბასი - მშვიდობა და ომი“, ხოლო საჯარო ბიბლიოთეკაში ფოტოგამოფენა და ვიდეო ჩვენება გაიმართება.
ღონისძიებები პარალელურად გაიმართება რეგიონებში: იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და კახეთში.  

Print

« იხ. ყველა სიახლე