ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-07-19

თსუ არქეოლოგთა სენსაციური აღმოჩენა გრაკლიან გორაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-არქეოლოგებისა და სტუდენტების ახალმა აღმოჩენამ გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი), შესაძლოა, ძვ. წ. V-IV საუკუნების აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლის ისტორიული ცნობები შეცვალოს.
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური  გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო - ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. ამჯერად მხოლოდ ერთი შენობის შესწავლა მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი 4 საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ. მსოფლიოში არ მოიპოვება გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა საკურთხეველთანაა გამოსახული.
თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, „გათხრების შედეგად გრაკლიან გორაზე იმ პერიოდის ქართლის ტერიტორიაზე არსებული საზოგადოების ეკონომიკური და კულტურული დონის ნათელი სურათი მივიღეთ. აქამდე ითვლებოდა, რომ ძვ.წ. V-IV საუკუნეების I ნახევარში ქართლში საზოგადოებრივი ცხოვრება დაკნინებული იყო, არ არსებობდა ეკონომიკური და კულტურული დინამიკა. გათხრებმა სრულიად საწინააღმდეგო ფაქტი დაადასტურა: გაირკვა, რომ ამ ხანაში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრება ჩქეფს.“
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრები 2007 წელს დაიწყო, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა.


Print

« იხ. ყველა სიახლე