2013-10-18

თსუ-მ გადამზადებულ პრობაციონერებს სერტიფიკატები გადასცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა 30-მდე გადამზადებულ პრობაციონერს 18 ოქტომბერს სერტიფიკატები გადასცა.

ღონისძიებას თსუ რექტორის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ალექსანდრე ჩხიტაური, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის  დირექტორი დავით მაისურაძე, თსუ-სა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პრობაციონერებმა და ყოფილმა  მსჯავრდებულებმა საუნივერსიტეტო სივრცეში წარმატებით გაიარეს პროფესიული გადამზადების კურსები, რის შედეგადაც მოხდა მათი რესოციალიზაცია. მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტი ჩართულია პროგრამაში და  მასპინძლობს ამ ღონისძიებას“,-  განაცხადა თსუ რექტორის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ალექსანდრე ჩხიტაურმა.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის და ინოვაციების ცენტრის დირექტორის დავით მაისურაძის თქმით,  „ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე ყოფილი მსჯავრდებული გაივლის პროფესიული გადამზადების სხვადასხვა კურსს.  გადამზადება ხდება სრულიად უსასყიდლოდ, ხარჯებს ანაზღაურებს დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი. კურსები განხორციელდა თსუ-ს ბაზაზე და ყოფილ მსჯავრდებულებს, რომლებმაც  აღნიშნული კურსი წარმატებით გაიარეს, სერტიფიკატები გადაეცათ“.

თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა პრობაციონერები სამ პროგრამაში (კომპიუტერული უნარ-ჩვევები, ორის ბუღალტერია, მცირე ბიზნესის მწარმოებელი) გადაამზადა.

Print

« იხ. ყველა სიახლე