ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-03-31

პოეტური საღამო თსუ–ში – „ბლეზ სანდრარი არტისტულ გარემოში“

30 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ფრანკოფონიის თვის დასკვნითი ღონისძიება – პოეტური საღამო „ბლეზ სანდრარი არტისტულ გარემოში“ გაიმართა. სტუდენტებმა მეოცე საუკუნის ფრანგი მწერლის მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ ეტიუდები  წარმოადგინეს.  ორგანიზატორებმა საღამო ფრანგული მუსიკითა და ეპოქის შესაბამისი მხატვრული ნაწარმოებებით გააფორმეს. 

ღონისძიებას თსუ–ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე, საელჩოსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ფრანკოფონიის თვის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლა. სტუდენტები დაინტერესებულნი არიან ფრანგული კულტურით და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი შეიტყონ მის შესახებ. მსგავს ღონისძიებებზე ისინი წარმოაჩენენ თავიან ცოდნას და იძენენ ახალს“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

 მარტი საქართველოში ფარნკოფონიის თვედ გამოცხადდა. საფრანგეთისა და შვეიცარიის საელჩომ საქართველოში და ფრანგულმა ინსტიტუტმა ფრანკოფონიის დღესასწაული მრავალფეროვანი კულტურული, ლიტერატურული, თეატრალური, კინემატოგრაფიული, მუსიკალური, სამეცნიერო და პედაგოგიური ღონისძიებებით აღნიშნეს. ფრანკოფონიის თვის ფარგლებში თსუ–ში უკვე გაიმართა სტუდენტურ-შემეცნებითი საღამო ”ფრანკოფონი საქართველო”,  კოლოქვიუმი “ფერების მნიშვნელობა ენების შესწავლისას”, ლიტერატურული კონფერენცია „დიალოგი ტექსტსა და ნახატს შორის”. 

„სიმბოლურია, რომ ფრანკოფონიის თვე სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულდება, რადგანაც ცოდნის ტაძარში ყველაზე მეტად უყვართ და აფასებენ იმ სიმდიდრეს, რომელიც ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებას წარვუდგინეთ. მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა და დღევანდელი პოეზიის საღამო სასიამოვნო დასასრული იყო“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ.

Print

« იხ. ყველა სიახლე