ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-06-14

თსუ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტს „კრიტიკული ენების სასტიპენდიო პროგრამა“ მასპინძლობს

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წლიდან მასპინძლობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტს „კრიტიკული ენების პროგრამა“. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ და ადგილობრივი მასპინძელი ორგანიზაციის შერჩევა ხდება სწავლებისა და კომპლექსური პროექტების მართვის გამოცდილების, ასევე ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით.

თსუ-მ წელსაც მიიღო ამერიკელი სტუდენტები, რომელთათვისაც  პროგრამით გათვალისწინებულია თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით პროექტის დამფინანსებელი ორგანიზაციის მიერ შერჩეული სამიზნე ჯგუფისთვის რუსული ენის ინტენსიური კურსის ჩატარება და კულტურული, შემეცნებითი და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება საქართველოს ისტორიის, კულტურის, პოლიტიკური და ეკონომიკური წყობის გაცნობის მიზნით. 

ამერიკელ სტუდენტებს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი მიესალმნენ და გააცნეს ის შესაძლებლობები, რომელსაც ქართული მხარე სთავაზობს მათ. თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას თქმით,  „პროექტი ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში 15 უცხო ენის შესწავლას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შერჩეული სტუდენტთა ჯგუფისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გრძელვადიანი შერჩევის შედეგად შეირჩა ერთ-ერთ ასეთ უნივერსიტეტად და უკვე მეორე წელია ჩვენ ვმასპინძლობთ ამერიკელი სტუდენტების ჯგუფს ზაფხულის განმავლობაში. პროგრამა მოიცავს როგორც ენის სწავლებას, აგრეთვე საჯარო ლექციებს, კულტურულ და არქეოლოგიურ ღონისძიებებს, რითაც ბენეფიციარებს საშუალება აქვსთ გაიცნონ როგორც საქართველოს ისტორია, კულტურა, ეკონომიკა ასევე ის არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები.“

„ესაა კრიტიკული ენების სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ორგანიზებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტს იმ ენებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი აშშ-სათვის. საქართველო ყოველთვის ღიაა ამერიკული პროგრამებისათვის.  კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა რუსულად მოსაუბრე ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან. საქართველოში ჩამოსვლით ჩვენ საშუალება მოგვეცა რომ გვეხილა სხვა ნარატივი, დაგვენახა რუსეთი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის თვალით, ქართველების თვალით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ჩამოდიან სტუდენტები იმისათვის რომ ისწავლონ რუსული ენა. მათი უმეტესობა აპირებს გააგრძელოს კარიერა დიპლომატიაში და იქნებიან გავლენიანი ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენენ მსოფლიოს ამ ნაწილის ცხოვრებაზე,“- განაცხადა ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმოთი ბლაუველტმა.

რვაკვირიანი პროგრამის მიმდინარეობისას დაგეგმილია: მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორის გაცნობის მიზნით მასტერ - კლასის ჩატარება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში; საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე ლექციის წაკითხვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში; საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილი მრავალფეროვანი საგანძურის შესახებ ლექციის წაკითხვა და სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის დათვალიერება; ქართული ცეკვის მასტერ - კლასის ჩატარება თსუ-ში; გრაკლიან გორაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებში მონაწილეობა და მიმდებარე მუზეუმის დათვალიერება და სხვა მრავალი ღონისძიება.  პროექტის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პროექტის მასპინძლად შერჩეულ სასწავლო დაწესებულებებში ისწავლება ის უცხო ენები, რომლებიც მიჩნეულია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონედ, ასეთებია: აზერბაიჯანული, ბანგლა, ჰინდი, ინდონეზიური, კორეული, პუბჯაბი, სუაჰილი, თურქული, ურდუ, არაბული, სპარსული, პორტუგალიური, ჩინური, იაპონური და რუსული ენები. პროგრამის ბენეფიციარების შერჩევა ხდება ასეულობით აპლიკანტიდან რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის საფუძველზე, რომელსაც ორგანიზაციის „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ ვაშინგტონის ცენტრალური ოფისი ახორციელებს.





Print

« იხ. ყველა სიახლე