ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-22

საერთაშორისო კონფერენცია „აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის -„აკაკი წერეთელი და მისი ეპოქის“  გახსნას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„უნივერსიტეტი აღნიშნავს დიდი ქართველი მგოსნის, საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილეს. ეს არის ღონისძიებების მთელი ციკლი. დღეს დაიწყო კონფერენცია, ასევე გაიხსნა გამოფენა, გარდა ამისა, ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემულია სპეციალური წიგნები და შედგება მათი პრეზენტაცია, ხვალ კი გაიმართება სტუდენტური კონფერენცია და ახალგაზრდები წაიკითხავენ აკაკის ლექსებს“,-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„აკაკი წერეთელი, მისი თანამემამულეები და თანამებრძოლები იყვნენ ადამიანები, ვინც თავისი  სიტყვა თქვა საქართველოს ისტორიაში და ქვეყნის განვითარებაში. მართლაც ბენდნიერია ის ერი, რომელსაც შეუძლია, რომ იამაყოს ისეთი პოეტებით, მწერლებით, პუბლიცისტებით, საზოგადო მოღვაწეებით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებით, როგორებიც იყვნენ აკაკი წერეთელი და მისი თანამემამულეები. დღეს დავათვალიერეთ ძალიან საინტერესო ფოტოგალერეა, რომელიც აღწერს აკაკი წერეთლის  ცხოვრებას, მის მოღვაწეობას და რომელიც იშვიათი ფოტოებით არის გაჯერებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იუბილეა მითუმეტეს საგანმანათლებლო სისტემისთვის, იმ ღვაწლიდან გამომდინარე, რომელიც გაწეული აქვს აკაკი წერეთელს საქართველოს წინაშე“,-აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
2015 წელს დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი სრულდება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ თარიღს აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კვირეულით აღნიშნავს.
საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც დაესწრებიან სტუმრები უკრაინის, ლატვიის და სხვა ქვეყნების, ასევე, მონაწილეები საქართველოს უნივერსიტეტებიდან, მოეწყობა აკაკისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნების პრეზენტაცია; გაიმართება ფილმის ჩვენება.
კონფერენციის გახსნამდე მონაწილეებმა თსუ პირველი კორპუსის ეზოში ყვავილებით შეამკეს აკაკი წერეთლის ბიუსტი. აკაკისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სტუდენტური ღონისძიება.

Print

« იხ. ყველა სიახლე