ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-07-18

თურქი მხატვარი თსუ-ში

18 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქი მხატვრის ქურთულუშ ნური ოზის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე თურქმა მხატვარმა თსუ-ს სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ებრუს მეთოდით ხატვის დემონსტრირება მოახდინა.
„საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო მეთოდით ხატავს ნური ოზი. ამ მეთოდმა დიდი ინტერესი გამოიწვია თსუ სტუდენტებსა და თანამშრომლებში. გამოფენის ორგანიზება თსუ იუნუს ემრეს კულტურის ცენტრმა ითავა, რომელიც თსუ სტუდენტებს საჭირო თეორიულ ცოდნასა და საინტერესო პრაქტიკასთან ერთად, მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს უწყობს“- განაცხადა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
თურქი მხატვრის ქურთულუშ ნური ოზის თქმით, „თითქოს მივიწყებული ხატვის მეთოდი კვლავ ფეხს იკიდებს მსოფლიოში. ხელოვნების კუთხით ებრუს მეთოდის ორიგინალურობასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ფსიქოთერაპიული ფუნქციაც. ამ მეთოდით ხატვა ამშვიდებს ადამიანს და მას ამ კუთხით იყენებენ გერმანიისა და თურქეთის საავადმყოფოებში.“ 


  ებრუს მეთოდით მხატვრობა ქითრედ წოდებული წებოს ერთ-ერთი სახეობით და სპეციალურად დამზადებული საღებავებით კონცენტრირებული წყლით ქაღალდზე გადატანილი დეკორატიული ხელოვნებაა. ხელოვნების ეს დარგი სავარაუდოდ მე-13 საუკუნეში თურქესტანის ქალაქ ბუხარაში ჩამოყალიბდა, მოგვიანებით კი ოსმალეთში  გადაინაცვლა. დასავლეთში „ებრუ“ მოიხსენიება როგორც „თურქული ქაღალდი“ ან „მარმარილოს ქაღალდი“. ასტრალაგუსის სითხისგან მიღებული წებო ან „ქერაჟინი“ (ზღვის მცენარე) ზრდის წყლის სიბლანტეს, მასას ემატება მსხვილფეხა ცხოველის ნაღველი ისე, რომ წყლის ფსკერზე არ მოხვდეს, წყლის ზედაპირზე საღებავებით „ბიზ“-ად წოდებული მეტალის საშუალებით გამოსახავენ ყვავილებს ან ფიგურებს, რომელიც გადააქვთ ფურცელზე. სახატავი ფუნჯი კი ბებერი ცხენის კუდის თმისგან და ვარდის ტოტისგან მზადდება.



მხატვარი ქურთულუშ ნური ოზი, ამავდროულად ფლობს რიკას (ოსმალეთში ყოველდღიურ მიმოწერაში, წერილებში, ნაწარმოებებსა და, საერთოდ, ოსმალეთში პირველად გამოყენებული დამწერლობის სახეობა)  და სულუსს (არაბული დამწერლობის სახეობა). მას რამდენიმე ერთობლივ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ნური ოზიმ სამხატვრო კარიერა 2004 წელს ებრისტანში (სტამბოლის ებრუს ხელოვნების სახლი) ებრუს სპეციალისტ ჰიქმეთ ბარუთჩუგილის ხელმძღვანელობით დაიწყო. 2009 წელს საქმიანობა განაგრძო ებრუს სპეციალისტ მაჰმუდ პეშტელის ხელმძღვანელობით. ამჟამად მხატვარი  უსკუდარში მდებარე სახელოსნოში მოღვაწეობს.
ქურთულუშ ნური ოზი თბილისში თსუ-ს იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის მოწვევით ჩამოვიდა. იუნუს ემრეს კულტურის ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წლის 31 მაისს თურქოლოგიის მიმართულების  სტუდენტებისთვის გაიხსნა.
გამოფენას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის დირექტორი ბარიშ დემირი და სტუდენტები დაესწრნენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე