2012-07-18
თურქი მხატვარი თსუ-ში
![](/data/image_db_innova/PR/339350_10150949581557233_2038534357_o.jpg)
„საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო მეთოდით ხატავს ნური ოზი. ამ მეთოდმა დიდი ინტერესი გამოიწვია თსუ სტუდენტებსა და თანამშრომლებში. გამოფენის ორგანიზება თსუ იუნუს ემრეს კულტურის ცენტრმა ითავა, რომელიც თსუ სტუდენტებს საჭირო თეორიულ ცოდნასა და საინტერესო პრაქტიკასთან ერთად, მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს უწყობს“- განაცხადა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
თურქი მხატვრის ქურთულუშ ნური ოზის თქმით, „თითქოს მივიწყებული ხატვის მეთოდი კვლავ ფეხს იკიდებს მსოფლიოში. ხელოვნების კუთხით ებრუს მეთოდის ორიგინალურობასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ფსიქოთერაპიული ფუნქციაც. ამ მეთოდით ხატვა ამშვიდებს ადამიანს და მას ამ კუთხით იყენებენ გერმანიისა და თურქეთის საავადმყოფოებში.“
![](/data/image_db_innova/PR/393483_o.jpg)
![](/data/image_db_innova/PR/095763_o.jpg)
ნური ოზიმ სამხატვრო კარიერა 2004 წელს ებრისტანში (სტამბოლის ებრუს ხელოვნების სახლი) ებრუს სპეციალისტ ჰიქმეთ ბარუთჩუგილის ხელმძღვანელობით დაიწყო. 2009 წელს საქმიანობა განაგრძო ებრუს სპეციალისტ მაჰმუდ პეშტელის ხელმძღვანელობით. ამჟამად მხატვარი უსკუდარში მდებარე სახელოსნოში მოღვაწეობს.
ქურთულუშ ნური ოზი თბილისში თსუ-ს იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის მოწვევით ჩამოვიდა. იუნუს ემრეს კულტურის ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წლის 31 მაისს თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიხსნა.
გამოფენას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის დირექტორი ბარიშ დემირი და სტუდენტები დაესწრნენ.
« იხ. ყველა სიახლე