ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-12-18

„ცხოვრება ტკივილის გარეშე“

18 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პალიატიური მზრუნველობის მხარდამჭერი საქველმოქმედო აქცია  - „ცხოვრება ტკივილის გარეშე“ გაიმართა. ღონისძიებას პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და ბიზნესკომპანიების (SAUNDERS GROUP, APM TERMINALS, Dechert LLP, Financial Brokers Georgia, Sun Yoga) წარმომადგენლები დაესწრნენ. საქველმოქმედო კომიტეტმა - ლალი მესხმა, ნიკოლ ჟორდანიამ („ნოე ჯგუფი“) და ლენა კილაძემ („საქართველოს ამერიკელი მეგობრები“) მოხუცებულთა დასახმარებლად სტუდენტების მიერ შემოწირული თანხის გაზრდის  მიზნით ღონისძიებაზე ათზე მეტი კომპანია მოიწვიეს.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „ნებისმიერი ქვეყნის განვითარების დონე, კულტურა იმ კუთხითაც ფასდება, თუ როგორ უვლის ეს ქვეყანა შეჭირვებულ ადამიანს. თუმცა, ეს მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება არ არის; მთელ საზოგადოებას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ეს პრობლემა და მზად უნდა იყოს თანადგომისთვის. ამ საქმეში სტუდენტების აქტივობა და ჩართულობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.“   
„პალიატიური მზრუნველობა მარტო წამლების მიწოდება, სიმპტომების კონტროლი ან ტკივილის მართვა არ არის. ეს სოციალური და ადამიანური ურთიერთობის ერთობლიობაა. საქართველოში ჰოსპისის სახით ან ბინაზე მომსახურებით წელიწადში 7500-მდე ადამიანს სჭირდება ეს სერვისი. მსგავსი სახის სერვისით პაციენტები თბილისში, ოზურგეთში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და თელავში სარგებლობენ. არასამთავრობო სექტორი ამით მთავრობას ამ მომსახურების აუცილებლობას უჩვენებს. იმედი მაქვს, ახალი მთავრობა განავრცობს ამ სერვისს და სადაზღვევო პაკეტში შეიტანს.“ - აღნიშნა საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა.
საქველმოქმედო კომიტეტის წევრმა ლალი მესხმა პროექტის მთავარ მიზანზე -  პალიატიური მზრუნველობის პროცესში სტუდენტების და მთელი საზოგადოების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება: „სტუდენტებმა თანხა იმ მოხუცებისთვის შეაგროვეს, რომელთაც მუდმივი მზრუნველობა სჭირდებათ. იდეა თსუ სტუდენტებმა დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს და საკუთარი იდეებიც წარმოადგინეს იმისათვის, რომ აქცია ერთჯერადი არ იყოს.“
ღონისძიებაზე საკუთარი იდეები წარმოადგინეს აქციაში ჩართულმა სტუდენტებმა.  თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი ჩადუნელმა  აქციის მონაწილეებს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმა გააცნო. საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით სტუდენტებმა სხვადასხვა სახის აქტივობები დაგეგმეს, მათ შორის, საქველმოქმედო აქცია და პალეატიური დახმარების მოხალისეთა ჯგუფის შექმნა; ამ საქმეში სხვა უნივერსიტეტების სტუდენტთა ჩართვა.
საქველმოქმედო აქცია „ცხოვრება ტკივილის გარეშე“  პალიატიური მზრუნველობის მხარდასაჭერად თსუ-ში 20-27 ნოემბერს საქველმოქმედო კვირეულით დაიწყო. კვირეული საქველმოქმედო კომიტეტისა და თსუ სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა. სტუდენტებმა საქველმოქმედო შემოწირულობების ყუთები თსუ სასწავლო კორპუსებში განათავსეს. სტუდენტების შემოწირულობით მოზიდული თანხა თბილისის ფერიცვალების მონასტერთან არსებული პალიატიური მზრუნველობის ცენტრს გადაეცა. აღნიშნული 2003 წელს ჩამოყალიბდა, სადაც მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 100-ზე მეტი  მოხუცებული იმყოფება.
სტუდენტთა მიერ ინიცირებული საქველმოქმედო ღონისძიებები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე