ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-12-20

თსუ-სა და საქსტატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


20 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს  თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია საქსტატის სისტემაში სტუდენტების აქტიური ჩართვა და მათთვის სასწავლო პრაქტიკის და სტაჟირების შეთავაზება. თანამშრომლობის ფარგლებში საქსტატის წარმომადგენლები თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური სტატისტიკის კათედრასთან მეთოდოლოგიურ საკითხებზე იმუშავებენ და მნიშვნელოვანი სტატისტიკური პროექტების განსახორციელებლად ერთობლივ სამუშაო ჯგუფებს ჩამოაყალიბებენ.
„მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიური დიალოგის გაგრძელებას და მჭიდრო თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ყოველთვიურად მივაწვდით თსუ–ის სხვადასხვა სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც იქნება მოთხოვნის შესაბამისი. ჩვენ ასევე უზრუნველყოფთ აკადემიური პერსონალის კვლევებში ჩართვას და მოვამზადებთ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას“, – აღნიშნა შეხვედრაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ.
„ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება გამოიყენონ საქსტატის რესურსები და დაეუფლონ აუცილებელ პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს. შეძლონ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლები ჩაერთვებიან სტატისტიკური პროექტების განხორციელებაში“ – განაცხადა თსუ–ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე