ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-02

მას-სპექტომეტრიის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია ნავთობქიმიასა და ეკოლოგიაში PETROMASS 2014

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია პეტრომას - 2014 გაიხსნა. ღონისძიების მიზანია მასს-სპექტომეტრიაში და ნავთობქიმიასა და ეკოლოგიაში არსებული აქტუალური პრობლემების, ტენდენციებისა და პერსპექტივების განხილვა.
კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან, ბრაზილიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, შვედეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.
თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ღვედაშვილის განცხადებით, „თსუ-ს ყოველთვის გააჩნია ჯანსაღი ამბიცია იყოს ლიდერი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. შესაბამისად, ნებისმიერი საერთაშორისო აქტივობა, რაც უკავშირდება საერთაშორისო ჩართულობას, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობენ უახლესი მეთოდების გაცნობას, გაზიარებას, რამაც შესაძლოა საფუძველი დაუდოს ახალი საერთაშორისო კოლაბორაციის დაწყებას, ერთობლივი პროექტების, ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლებს, უდიდესი ცოდნის გაზიარებას. ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ გვაძლევს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი სიტყვის თქმის საშუალებას.“
„ნავთობქიმიაში მასს-სპექტომეტრიის გამოყენებას ნავთობის კვლევის საქმეში პრონციპული მნიშვნელობა აქვს. მსოფლიოში მრავალი სახეობის ნავთობია, მიმდინარეობს მათი შემადგენლობის შესწავლა, რადგან შემდგომ ეს ნავთობი რაციონალურად გამოიყენონ. გარდა იმისა, რომ ნავთობს  ძირითადად საწვავად იყენებენ, აუცილებელია მისი შენახვა, რათა მომავალში მოხდეს მისი გამოყენება სხვადასხვა სფეროში -  თუნდაც, ფარმაციაში. კონფერენციაში ძალიან ბევრი მეცნიერი მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს შეხვედრა სტარტს მისცემს შემდგომში ამ სფეროს განვითარებას,“ - აღნიშნა კონფერენციის ორგანიზატორმა, ნავთობქიმიის სინთეზის ინსტიტუტის (რუსეთი) პროფესორმა ვლადიმერ ზაიკინმა.
მას-სპექტრომეტრიის უნიკალური ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის მეთოდი ითვლება ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად ფუნდამენტური კვლევებისათვის  და მას-სპექტრომეტრიის ზეგავლენა იგრძნობა სხვადასხვა სფეროში, ატმოსფეროს ქიმიიდან ნავთობქიმიამდე. მარტივი ნახშირწყალბადების პირველი მას-სპექტრები რეგისტრირებული იყო 1930-იანი წლების დასაწყისში და იმ დროიდან მას-სპექტრომეტრიის სწრაფი განვითარება ძირითადად განპირობებულია მზარდი ინტერესით ეკოლოგიური ქიმიის, ნავთობქიმიისა და ბიოლოგიური მეცნიერებების მიმართ. 1980-იან წლებში შემუშავებული უნიკალური ტექნიკური საშუალების გამო მას-სპექტრომეტრიამ გამოიწვია ბიოლოგიური მოლეკულების მეცნიერებაში მთელი რიგი ახალი მიმართულების დაარსება, ასეთებია გენომიკა, პროტეომიკა, მეტაბოლომიკა, ლოპოდომიკა, გლიკომიკა და სხვ. ნავთობქიმიურ თემატიკასთან ერთად განიხილება მას-სპექტრომეტრიის გამოყენება ეკოლოგიასა და კვების მრეწველობაში.
მე-10 საერთაშორისო Petromass-2014 კონფერენციის ჩატარება საქართველოში ბუნებრივია, ვინაიდან აქ მრავალი წლის მანძილზე ჩამოყალიბდა გამოცდილი  ნავთობქიმიკოსების შესანიშნავი სკოლა, რომელიც წარმატებით სწავლობს ადგილობრივ რესურსებს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერები: ამერიკიდან, რუსეთიდან, ბრაზილიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, შვედეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიქიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, საქართველოს ნავთობქიმიკოსთა საზოგადოება და  რუსეთის მასს-სპექტრომეტრიის საზოგადოება. ღონისძიების სპონსორია  MS Analitika (აშშ).

    

Print

« იხ. ყველა სიახლე