ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-05-19

თსუ–ის დელეგაციის ვიზიტი კადისის უნივერსიტეტში

11-14 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით კადისის (ესპანეთი) უნივერსიტეტს სტუმრობდა. სამკაციან დელეგაციას თსუ–ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის მიზანი პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გააქტიურება და კონკრეტული პროექტების განხორციელება იყო. 

ვიზიტისას ორი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები პირველ ერთობლივ არქეოლოგიურ პროექტზე შეთანხმდნენ. პროექტი სახელწოდებით „აღმოსავლეთ–ხმელთაშუაზღვის, პირინეის და კავკასიის კულტურათა და სავაჭრო ურთიერთობების შედარებითი ანალიზი“ წლის ბოლომდე დაიწყება. ერთობლივ პროექტს ორი ხელმძღვანელი ქართველი არქეოლოგი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი და ცნობილი ესპანელი არქეოლოგი დიეგო ლუის მატა ეყოლება. პროექტის ფარგლებში მოხდება ერთობლივი გათხრების წარმოება დასავლეთ საქართველოში; ამასთან, დაგეგმილია კოლხეთის დაცული კოლექტიური სამარხების გათხრა და შესწავლა. მონაწილე მხარეები ერთობლივად აღმოჩენილი ნიმუშების რესტავრაციასა და კონსერვაციას განახორციელებენ, გაიწერება აღმოჩენილი ექსპონატების ბაზა და სამუშაოების დასასრულს სამეცნიერო პუბლიკაცია გამოიცემა. პროექტის დასასრულს, 2013 წლის შემოდგომაზე ქალაქ კადისში ერთობლივი გამოფენაც მოეწყობა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კადისის უნივერსიტეტს შორის აქტიური თანამშრომლობა 2009 წლის სექტემბერში გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ ხორციელდება. ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის მიღწეული შეთანხმების მიზანია ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომების მომზადება და სტუდენტთა და პედაგოგთა ურთიერთგაცვლა. კადისის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ამჟამად რამდენიმე ქართველი სტუდენტი სწავლობს.


Print

« იხ. ყველა სიახლე