ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-12-27

თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახდა

27 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩია. საბჭოს 12 წევრმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურა რექტორობის 5 მსურველს შორის შეირჩა. 

“აკადემიურმა საბჭომ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ჩვენ ერთხმად ავირჩიეთ ალექსანდრე კვიტაშვილი. უნივერსიტეტში გასაკეთებელი ძალიან ბევრია და ვფიქრობ აღნიშნულ გამოწვევებს ყველაზე მეტად სწორედ ჩვენს მიერ არჩეული კანდიდატი გაართმევს თავს”, – აღნიშნა აკადემიური საბჭოს წევრმა ნანა გაფრინდაშვილმა.

არჩევნების შემდეგ საბჭოს წევრებმა იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩიეს.
“ერთი თვის მანძილზე ჩვენ შევისწავლეთ ყველა კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და ჩვენი არჩევანი ბატონ ალექსანდრეზე შევაჩერეთ. არჩეული რექტორი არის თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებული და მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე  მენეჯერი, ვფიქრობ სწორედ ასეთი რექტორი სჭირდება დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტს”, – განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა მარიამ გერსამიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რიგით 27-ე რექტორი – ალექსანდრე კვიტაშვილი 4 წლის ვადით აირჩია, ამასთან ერთად არჩეული რექტორი აკადემიური საბჭოს მეცამეტე წევრი და საბჭოს თავმჯდომარე გახდება.

“ჩემი გამარჯვება პირველ რიგში უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მეძლევა განვიხილო და ვიმუშაო ყველა იმ საკითხზე თუ პრობლემაზე, რომელიც უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, ჩემი სამთვიანი მოღვაწეობის დროს შევიტყვე. ვეცდები ვიყო სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების და უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლის გვერდით, რათა ერთად ვიზრუნოთ უნივერსიტეტის წარმატებულ მომავალზე”, - აღნიშნა რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

თსუ-ის საარჩევნო კომისიამ უნივერსიტეტის რექტორობის 6 კანდიდატი (ალესანდრე კვიტაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, გიორგი ჭინჭარაული, გიორგი ლილუაშვილი, თეიმურაზ ურუშაძე, ნიკოლოზ ლილუაშვილი) გაატარა. ერთ-ერთმა კანდიდატმა – გიორგი ჭინჭარაულმა საკუთარი კანდიდატურა არჩევნების დაწყებამდე მოხსნა.

Print

« იხ. ყველა სიახლე