ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-03-11

წიგნის - „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი მოდელის ფორმირება“ პრეზენტაცია

11 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძის ახალი მონოგრაფიის - „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი მოდელის ფორმირება“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ფინანსთა მინისტრი, პროფესორი ნოდარ ხადური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი აზიმ სადიკოვი, ევრობანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბატონი ბრუნო ბალვანერა, საქართველოს პრაქტიკოსი და მეცნიერ ეკონომისტები, სახელისუფლებო, საბანკო-საფინანსო და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წიგნი პროფესორ ირაკლი კოვზანაძის  მონოგრაფიათა სერიის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკური კრიზისების ბუნებას, მათი  პრევენციისა და დაძლევის სისტემურ ღონისძიებებს ეხება. ნაშრომი ეძღვნება 2007-2009 წლების ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც პრაქტიკულად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა.
მონოგრაფიაში გაანალიზებულია სხვადასხვა ეკონომიკური სკოლების მკვლევართა გამოკვლევები, კრიზისების დაძლევის ისტორიული და თანამედროვე გამოცდილება და გლობალური ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ტენდენციები. „წიგნში მოცემულია ამ კრიზისების მაკროეკონომიკური, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური ფაქტორები,“  აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
პრაქტიკული მასალების საფუძველზე წარმოდგენილია ავტორის საკუთარი შეხედულებები კრიზისების დაძლევის და ეკონომიკის მდგრადი განვითარების გზების შესახებ. ცალკე პარაგრაფი ეთმობა საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის განვითარებას და მის პრობლემებს. ნაშრომში კვლევის ცალკე მიმართულებაა სხვადასხვა სახელმწიფოთა მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, მათი ეფექტიანობისა და საკმარისობის შეფასება. მონოგრაფიაში მოცემულია კონკრეტული მაგალითები ცალკეული ქვეყნების მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღებული შედეგების თაობაზე და ასევე გაკეთებულია მათი შეფასებასაც.
ნაშრომი, რომელიც თავისი ფორმითა და სტრუქტურით ფუნდამენტური მონოგრაფიაა,  განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური სპეციალობების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე ინსტიტუტების და იმ პირებისთვის, რომლებზეც სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ეკონომიკური (გეოპოლიტიკური, მაკროეკონომიკური, ფინანსური, ფულად-საკრედიტო, ფისკალური და ა.შ.) პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა.


Print

« იხ. ყველა სიახლე