ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-22

საერთაშორისო სიმპოზიუმი „მედიის კანონი“

მედია სამართლის სწავლების მიმართულებით არსებული ახალი მიდგომები, მედიაში საავტორო უფლებების დაცვისა და  სასამართლო საკითხების გაშუქების თავისებურებები, ასევე, მედია სამართალში ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებს განიხილავენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო სიმპოზიუმზე.
სამხრეთ კავკასიის სიმპოზიუმი და ტრენინგი მედია სამმართალში „მედიის კანონი“ თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ 22 ივლისს გახსნა. კონფერენციაში ქართველი, გერმანელი, სომეხი და აზერბაიჯანელი დელეგატები, პროფესორები,  სტუდენტები, ექსპერტები და  ჟურნალისტები მონაწილეობენ.
„მედია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი დარგია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სამართლებრივ საფუძველს დაეყრდნობა ის. ბუნებრივია, რომ არსებობს დიდი საერთაშორისო  გამოცდილება და ეს კონფერენცია ორიენტირებულია სწორედ იმაზე, რომ  შემუშავებული იყოს საკანონმდებლო საფუძვლების საერთო გაგება, რომელიც სჭირდება მედიის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, კონფერენცია საინტერესო იქნება მონაწილეებისთვის,“ - განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ჩვენ ვატარებთ კონფერენციას, რომელიც ეხება მედია სამართალს. ვფიქრობ, მას შემდეგ,  რაც  საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელსეკრულებას, ეს კონფერენცია არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართველი ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს მათთვის მედია სამართალი, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირი. ბუნებრივია, ბევრი კანონი ეხება მედიას, მედიის თავისუფლებასა და მედია რეგულაციებს, სწორედ იმ რეგულაციების განხილვას ვაპირებთ ამ კონფერენციაზე, რომელიც  მნიშვნელოვანია, რომ მედიამ იცოდეს,“- აღნიშნა “დოიჩე ველე აკადემიის“ აზიისა და ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ბეტინა რუიგიესმა.
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ელმძღვანელის მარიამ გერსამიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად მასპინძლობს სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო სიმპოზიუმს „მედიის კანონი“. „ზოგადად, ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებისა და რეფორმების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს თავისუფალი, მედია სამართლის შესახებ სტუდენტებმაც აიმაღლონ კომპეტენციები  და თვითრეგულირების მექანიზმები ამუშავდეს. სწორედ ამ თემატიკას ეძღვნება აღნიშნული სიმპოზიუმი“ - აღნიშნა მარიამ გერსამიამ.
ღონისძიების ფარგლებში, სიმპოზიუმის პარალელურად ჩატარდება ტრენინგები ჟურნალისტებისთვის (21-22 ივლისს), ჟურნალისტიკის პროფესორებისთვის (23-24 ივლისს), მედია-სამართლის   ფორუმი  გერმანელი და ქართველი ექსპრტებისთვის და სამხრეთ კავკასიის ფორუმი ქართველი, გერმანელი, სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტებისთვის.
დოიჩე ველე აკადემიასთან (Deutsche Welle Akademie) თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფას, ინტერნაციონალიზაციის კომპონენტის გაძლიერებას, პერსონალის და სტუდენტების კომპეტენციების ამაღლებას და სხვ.
სიმპოზიუმი დოიჩე ველე აკადემიას  და თსუ-ს ორგანიზებით იმართება და 25 ივლისს დასრულდება.

    

Print

« იხ. ყველა სიახლე