ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-07-06

ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი სტუმრად თსუ-ში

  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა აშშ-ში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელს ნიკო თოფურიას შეხვდა. თოფურიამ მადლობა გადაუხადა თსუ-ის წარმომადგენლებს გულთბილი მიღებისთვის. "მე ემიგრაციაში რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე საქართველოსთვის. ნიუ-იორკში ჩემი სახლი ქართველი ემიგრანტების მასპინძელი და თავშესაფარი იყო. მე ვპატრონობდი ამერიკაში ჩამოსულ ქართველებს. მოხიბლული ვარ დღევანდელი საქართველოს ხილვით. თბილისი სულ სხვანაირია _ სად ნახავ ასეთ გამწვანებულ, მოვლილ, სუფთა ქალაქს. თბილისი ევროპული ქალაქია. არც აქამდე მქონია ეჭვი, მაგრამ ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთ-ერთი უძველესი, ყოველმხრივ განსხვავებული და განსაკუთრებული ერი, მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი საინტერესო ელემენტი ვართ"_ განაცხადა ნიკო თოფურიამ.  თსუ-ის რექტორთან საუბრისას მან უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი გაიხსენა: "ქიმია იმიტომ ავირჩიე, რომ კომუნისტები მეჯავრებოდა. მორიდებული ახალგაზრდა ვიყავი და მინდოდა ჰუმანური პროფესია მქონოდა. სოფლის ქიმიის მასწავლებლობა მინდოდა." თსუ-ის რექტორმა გიორგი ხუბუამ ქართველ ემიგრანტს უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობა შესთავაზა. "ბატონ ნიკოს ოპტიმიზმი, ცხოვრებისეული გამოცდილება და მიზანი გვავალდებულებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს საქმეს. ჩვენ მხოლოდ საქართველოში მცხოვრებთათვის კი არ უნდა ავაშენოთ განვითარებული და ბედნიერი საქართველო, არამედ იმ ემიგრანტებისთვის და მატი შთამომავლებისთვის, რომლებიც საქართველოდან შორს ზრუნავენ საკუთარ სამშობლოზე." ნიკო თოფურიამ თსუ-ის რექტორს საკუთარი წიგნი "დაბრუნება 55 წლის შემდეგ" უსახსოვრა. მისი გადაწყვეტილებით, ამერიკაში არსებულ საოჯახო ბიბლიოთეკასა და არქივს საქართველოში ჩამოიტანს და მის მშობლიურ სოფელში მუზეუმს უსახსოვრებს.

 თსუ-ის რექტორთან შეხვედრამდე ნიკო თოფურია თსუ-ის ემიგრაციის მუზეუმს ესტუმრა. ესაუბრა თსუ-ის ქიმიის კათედრის წარმომადგენლებს. ნიკო თოფურია საქართველოში 2 დღის წინ ჩამოვიდა. ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. თოფურია მოგვიანებით მარტვილის რაიონის სოფ.ხუნწში მშობლიურ სახლ-კარსაც მოინახულებს..

  ნიკო თოფურია თსუ-ის ქიმიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო, როცა მეორე მსოფლიო ომში საბრძოლველად წავიდა. ომის მსვლელობისას ის ტყვედ ჩაუვარდა გერმანელ ნაცისტებს. აშშ-ში გადასვლამდე იგი იტალიაში იმყოფებოდა.

  აშშ-ში ნიკო თოფურია 30 წლის მანძილზე ქართველთა სათვისტომოს მდივანი იყო. სათვისტომო გამოსცემდა ქართულენოვან გაზეთებს, აგზავნიდა საარქივო მასალებს საქართველოში. მას ჰყავს მეუღლე _ ქართველი ემიგრანტის ერთაოზ რამიშვილის შთამომავალი, ასევე 2 შვილი და შვილიშვილი. ნიკო თოფურია საქართველოში 1996 წელსაც იმყოფებოდა, რის შემდეგაც ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა წიგნი "დაბრუნება 55 წლის შემდეგ."
Print

« იხ. ყველა სიახლე