ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-27

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით პირველად ჩატარდა  იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენცია ქართველოლოგიის დარგში. ღონისძიების ფარგლებში  დაწესდა ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია, რომლის პირველი ლაურეატი გახდა პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი.  ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  თსუ პროფესორები, სტუდენტები, საშუალო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
,,დღეს ცნობილი ქართველი მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია იმართება, რომელიც უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ასევე ქართველოლოგიაში იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია მიენიჭა გამორჩეულ ქართველ მეცნიერს. წელს პირველად ვატარებთ ამ კონფერენციას, პირველად გამოვაცხადეთ ლაურეტი. მსგავსი ღონისძიება უნივერსიტეტში  ტრადიციად იქცევა’’-   განაცხადა თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის პირველი ლაურეატის, პროფესორ გიორგი გოგოლაშვილის თქმით, „ქართველოლოგიური დარგების განვითარება ჩვენი უპირველესი საზრუნავია და დღეს ძალიან კარგ ტრადიაცას ეყრება საფუძველი. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და პატივია, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია მხვდა წილად, რაც ქართული ენის სპეციალისტისთვის წარმოადგენს უმაღლეს ჯილდოს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი მოკრძალებული წვლილი ქართული ენის კვლევებში ასეთი დიდი ჯილდოთი შეაფასა’’.
,,ძალიან სასიხარულოა, რომ აღვნიშნავთ იაკობ გოგებაშვილის 175 წლისთავს. დაგეგმილი გვაქვს, რომ ეს ღონისძიება სისტამატურად გაიმართოს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობენ არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ საშუალო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები და დოქტორანტები’’ - განაცხადა თსუ პროფესორმა ქეთევან ჭკუასელმა.
ღონისძიების მიზანია გაზარდოს სტუდენტების, მასწავლებლების, მოსწავლეების ჩართულობა ქართველოლოგიის სამეცნიერო დარგში. ,,ასეთი ტიპის სამეცნიერო კონფერენციები ხელს უწყობს ახალგაზრდების განათლების ხარისხის ამაღლებას, ზოგადად ქვეყანაში განათლების დონის აწევასაც. უნდა აღინიშნოს, რომ რაიონებიდან  მსგავს ღონისძიებებში იშვიათად ერთვებიან.  ამიტომ ვიტოვებ იმედს, რომ  სამომავლოდ რეგიონების წარმომადგენელთა აქტივობა მსგავს კონფერენციებში გაიზრდება’’ - აღნიშნა  ფოთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლუკა კაზანჩიმ.        
ღონისძიების ფარგლებში თსუ-ს პროფესორებმა, დოქტორებმა, დოქტორანტებმა,  მაგისტრებმა და მოწვეულმა მასწავლებლებმა წარადგინეს მოხსენებები, რომელიც ეხებოდა იაკობ გოგებაშილის ღვაწლს ქართული ენის განვითარებაში, ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლებას საქართველოს არაქართულენოვან სკოლებში, ეროვნული სასწავლო გეგმის ხარვეზებსა და მათი დაძლევის გზებს, მშობლიური ენის სწავლების პრობლემატიკას.
Print

« იხ. ყველა სიახლე