ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-19

„ბარბარიზმების ლექსიკონი“ ინტერნეტში განთავსდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ შექმნილი ბარბარიზმების ლექსიკონი ინტერნეტში განთავსდა.

„ბარბარიზმების ონლაინ-ლექსიკონში“ 1000-ზე მეტი ბარბარიზმი შევიდა. მათ შორის, 200 ინგლისურენოვანი ბარბარიზმი („აროგანტული“, „ურგენტული“ და სხვა), 600-ზე მეტი ტექნიკური დარგის რუსული წარმომავლობის ბარბარიზმი („რაზვალი“, „დვორნიკი“ და სხვა) და ჩვენს ყოფაში დამკვიდრებული რუსულენოვანი საერთო ლექსიკის ბარბარიზმები („ჩაინიკი“, „აჩკი“ და სხვა). „ბარბარიზმების ონლაინ-ლექსიკონის“ მისამართია http://barbarisms.ge/.

ლექსიკონში ბარბარიზმის მოძებნა შესაძლებელია სიტყვის საძიებო ველში ჩაწერით. ასევე შესაძლებელია მთლიანი ლექსიკონის დათვალიერება ველის ზემოთ განთავსებული ქართული ანბანის ასოების დახმარებით. ლექსიკონის გვერდებზე გადასვლა შესაძლებელია ძირითადი ველის ზემოთ და ქვემოთ განლაგებული გვერდების ნომრების გამოყენებით.

ბარბარიზმების ქართული შესატყვისების მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულება გამოიხატება მოწონების და დაწუნების ღილაკებით. ასევე, შესაძლებელია, კომენტარის გამოგზავნა ან სიტყვის გაზიარება მომხმარებლის ფეისბუქის გვერდზე.

ბარბარიზმების ლექსიკონისათვის დაიწერა სტატია „სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება“ (http://barbarisms.ge/article1/), რომელშიც გაანალიზებულია როგორც თავად პრობლემა, ისე მისი გამომწვევი მიზეზები.
Print

« იხ. ყველა სიახლე