ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-02-25

ოკუპაციის დღე თსუ-ში

საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ეწვია. თსუ-ს სტუდენტებთან და თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტებთან   შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობაზე,  1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ქართველი იუნკრების ერთკვირიან თავდადებულ ბრძოლაზე ისაუბრა. მან სტუდენტებს ასევე გააცნო თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების პრიორიტეტები, ასევე თუ რა გზებით უნდა აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
„ჩემთვის ძალიან სიმბოლურია, რომ  მაქვს შესაძლებლობა  უნივერსიტეტში ჩვენი ქვეყნის მომავალთან -  სტუდენტებთან ვისაუბროთ საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, ვისაუბროთ იმ საბრძოლო სულზე, რაც  ჩვენმა იუნკერებმა გამოავლინეს. მათ არნახულ ძალას დაუპირისპირეს საკუთარი გულწრფელი სიყვარული საკუთარი ქვეყნის მიმართ და გარკვეული პერიოდით შეაკავეს კიდეც მტერი. ამაზე სასაუბროდ ალბათ ყველაზე სწორი ადგილი იქნებოდა უნივერსიტეტი. მადლობელი ვარ სტუდენტების, მადლობელი ვარ უნივერისტეტის ხელმძღვანელობის, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა,“-განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, „ეს დღე არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც სამწუხარო, ასევე სიამაყის განცდის დღეც, როდესაც ქართველებმა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, თუ რამხელა საბრძოლო სული და გამოცდილება გაგვაჩნია. ძალიან მიხარია, რომ  უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად,  ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებიც არიან. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ, თუ როგორი სამხედრო ძალები გვინდა მომავალში გვყავდეს. სწორედ ძალა და გამოცდილება მოდის ჩვენი წარსული გმირებისგან და სწორედ იუნკერები - 1921 წელს ჩვენი დამოუკიდებლობის დამცველი სამხედროები არიან ამ მაგალითის მომცემნი“. თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები დავით მებაღიშვილი და ვალერიან ელიზბარაშვილი გააცნო, რომელთა მამები 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ, რის შემდეგაც მათ მშობლების საქმის გაგრძელება გადაწყვიტეს.
უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ოკუპაციის დღეს მნიშვნელოვანია თავდაცვის მინისტრის სტუმრობა იმ უნივერსიტეტში, რომელმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში და რომელმაც ყველაზე მეტად იზარალა ამ დამოუკიდებლობის დაკარგვით. „ეს ისტორია უნდა იცოდნენ ჩვენმა სტუდენტებმა და მომავალმა თაობამ,“-აღნიშნა რექტორმა.
თავდაცვის მინისტრმა და უნივერსიტეტის რექტორმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თსუ-ს მუზეუმის და ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული გამოფენა დაათვალიერეს, სადაც ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიის ამსახველი ფოტომასალა, თსუ რეპრესირებული პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ფოტოები იყო წარმოდგენილი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილ გამოფენასთან ერთად,  თსუ-ს პროფესორის მალხაზ მაცაბერიძის წიგნის „უნივერსიტეტი 1921 წლის თებერვალში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ირაკლი ალასანიას და ალექსანდრე კვიტაშვილს საჩუქრად გადაეცათ.



Print

« იხ. ყველა სიახლე