ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-02-28

თსუ-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

28 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ მოაწერეს.

„საქალაქო სასამართლოსთან მჭიდრო თანამშრომლობა დიდი ხანია გვაკავშირებს, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ერთობლივ პროგრამებში. მათთვის ეს სწავლის პარალელურად დამატებითი გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

მემორანდუმის მიზანია სამართლებრივ კვლევებზე, სასამართლოს პოპულარიზაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობაზე ორიენტირებული ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება. მემორანდუმი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში და სასამართლოს ბაზაზე  იურიდიული კლინიკის ჩამოყალიბებასაც ითვალისწინებს.

„თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება პროგრამები, რომელიც თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეთავსებას გულისხმობს. ყველა დაგეგმილი ღონისძიება სტუდენტებში მართლშეგნების ამაღლებას ემსახურება და მოხარული ვართ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მსგავს მისწრაფებას ყოველთვის მხარს უჭერს“, – აღნიშნა საქალაქო სასამართლოს თავჯდომარემ მამია ფხაკაძემ.

Print

« იხ. ყველა სიახლე