ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-07-23

„თსუ მეცნიერება“ №2 პრეზენტაცია

23 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის მეორე ნომერში წარმოდგენილია ინფორმაცია კვლევებზე ჰუმანიტარული მეცნიერებიდან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებამდე, მედიცინიდან ეკონომიკამდე და სოციალურ მეცნიერებამდე.
ჟურნალის პრეზენტაციას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მათ შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ორგანიზებული ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლის ფარგლებში ქართულ ენასა და ლიტარატურას, დამწერლობას და ქართველოლოგიურ მეცნიერებებს სწავლობენ.
„ჟურნალის პირველმა ნომერმა, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოიცა, საკმაოდ დიდი ინტერესი დაიმსახურა. ახალ გამოცემაში მრავალფეროვანი თემატიკის იმ კვლევებსა და გამოგონებებზეა საუბარი, რომელშიც თსუ მეცნიერები მონაწილეობენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჟურნალი ორენოვანია და ქართველ მეცნიერ-მკვლევართა ნამუშევრების გაცნობა უხცოელ სპეციალისტებსა და უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ“- აღნიშნა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ სურგულაძის თქმით, განათლების სფეროში გატარებული რეფორმა ქვეყანაში სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის არსებობასაც გულისხმობდა. „მისასალმებელია, რომ ეს საქართველოში სწავლისა და კვლევის ფლაგმანმა უნივერსიტეტმა - თსუ-მ განახორციელა. მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული და შინაარსით მაღალხარისხიანი ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ სხვა უმაღლეს სასწავლებლებსაც მისცემს მსგავსი პერიოდული ჟურნალის გამოცემის ბიძგს,“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
 „თსუ-მეცნიერება“ 2011 წლის დეკემბრიდან გამოდის და ამ ეტაპზე პირველი ფართო პროფილის სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალია. მასში წარმოდგენილია სტატიები თსუ მკვლევართა იმ სამეცნიერო მიღწევებზე, რომლებმაც უკვე მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, სამეცნიერო გრანტები თუ უცხოელ მეცნიერთა გამოხმაურება საქართველოს ფარგლებში და მის გარეთ. “თსუ მეცნიერება“ ორენოვანია და განკუთვნილია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი აუდიტორიისთვის. შემდეგი ნომრის გამოშვება 2012 წლის დეკემბრისთვის იგეგმება.

Print

« იხ. ყველა სიახლე