2019-01-24

ქართულ-ნორვეგიული საზაფხულო სკოლა ეთნოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის!

ბერგენის უნივერსიტეტის (ნორვეგია) ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ საზაფხულო სკოლაში. ორკვირიანი კურსის განმავლობაში თსუ-სა და ბერგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ანთროპოლოგიური კვლევის ძირითად მეთოდებს, ვიზუალური ანთროპოლოგიის საკითხებს და ასევე, შეიძინონ საველე კვლევის პრაქტიკული გამოცდილება. 

საზაფხულო სკოლის შესახებ
საზაფხულო სკოლა გაიმართება ყაზბეგში და გაიხსნება ინტენსიური ლექცია-სემინარებით კვლევის მეთოდების შესახებ. მონაწილე სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ გაეცნონ ციფრული - ვიდეო და ფოტო საშუალებების ველზე მუშაობისას გამოყენების სხვადსხვა ხერხსა და ტექნიკას. პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ეთნოგრაფიული ფილმების ჩვენება და ექსკურსიები სტეფანწმინდის რაიონში. სამუშაო ენა - ინგლისური.

თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეუდგნენ საველე კვლევით სამუშაოს საქართველოს სხვადასხვა მხარეში. 

საველე პრაქტიკა

ქართველი და ნორვეგიელი სტუდენტები დაიყოფიან ჯგუფებად (ერთი ქართველი და ერთი ნორვეგიელი მონაწილე თითო ჯგუფში) და ჩაერთვებიან 4-5 დღიან საველე სამუშაოში. მონაწილეებს საშუალება ექნებათ კვლევა ჩაატარონ როგორც ურბანულ დასახლებებში, ისე სოფლად მრავალფეროვან თემატიკაზე. საველე სამუშაოს დაგეგმვის პროცესში სტუდენტები კონსულტაციას მიიღებენ დარგის სპეციალისტებისაგან. საველე პრაქტიკის დასრულების შემდეგ სტუდენტები დაბრუნდებიან ყაზბეგში, წარმოადგენენ სამუშაოს შედეგებს და დაწერენ კვლევის ანგარიშს. 

მიღება

საზაფხულო პროგრამა განკუთვნილია ეთნოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის/მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებისათვის. სააპლიკაციო ფორმას უნდა დაერთოს აკადემიური მოსწრების დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი) და სამოტივაციო წერილი (ყველა დოკუმენტი ინგლისურ ენაზე). აუცილებელია, მონაწილე კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას. აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 15 თებერვალი.

პრაქტიკული ინფორმაცია 
საზაფხულო სკოლა შედგება ივლისის მეორე ნახევარში და მასში მონაწილეობის ყველა ხარჯი დაფარული იქნება ჩვენს მიერ. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და მიღებული განცხადებებიდან დაკმაყოფილდება მხოლოდ 14 კანდიდატი (7 საქართველოდან, 7 - ნორვეგიიდან). კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბერგენის უნივერსიტეტი გასცემს 5 ECTS-ს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:
ქეთევან ხუციშვილი - თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ketevan.khutsishvili@tsu.ge
გიორგი ჭეიშვილი - ბერგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი giorgi.cheishvili@uib.no

საზაფხულო სკოლა ხორციელდება პროექტ NorGePart-ის ფარგლებში DIKU-ს ფინანსური მხარდაჭერით. 
Print

« იხ. ყველა სიახლე