ბეჭდვა |/ დახურვა
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 32 საუკეთესო გუნდს შორისაა

2010-04-16

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 32 საუკეთესო გუნდს შორისაა

2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობას იღებს ვილემ ს. ვის სახელობის იმიტირებულ პროცესში (Vis –moot) საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში – ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო კომერციული სამართლისა და არბიტრაჟის შესწავლას.

ვილემ ს. ვის სახელობის იმიტირებულ პროცესი გამორჩეული, აღიარებული და საყოველთაოდ ცნობილი ღონისძიებაა, სადაც ერთდროულად იკრიბებიან მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები და მოქმედი არბიტრები, რათა თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ მომავალ თაობას.

იმიტირებული პროცესის ზეპირი ნაწილი ყოველ წელს ტარდება ქალაქ ვენაში (ავსტრია). აღნიშნულ ღონისძიებას ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მასპინძლობს. წელს იმიტირებული პროცესი გაიმართა 25 მარტიდან 1 აპრილამდე და მასში მონაწილეობას იღებდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი: დავით ჩიტაიშვილი, მაია მიშველაძე, შალვა ჯოხარიძე და მარიამ ასანიშვილი.

გუნდის წარმარებული გამოსვლის შედეგად თსუ-მ ღირსეულად მოიპოვა ადგილი 32 საუკეთესო გუნდს შორის. აღსანიშნავია, რომ იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა მიიღო 252 უნივერსიტეტმა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. თითოეული ამ გუნდის მთავარი მიზანი არის მოხვდეს შეჯიბრის მეორე ეტაპზე, სადაც ადგილი მხოლოდ 64 საუკეთესო გუნდისთვის არის განკუთვნილი. თსუ-ს გუნდი არა მარტო მოხვდა ამ ეტაპზე (elimination rounds), არამედ 32 საუკეთესო გუნდს შორის დაიმკვიდრა ადგილი. გარდა ამისა, წლევანდელი გუნდის ორმა წევრი, მარიამ ასანიშვილი და შალვა ჯოხარიძე დასახელდნენ საუკეთესო ზეპირ მომხსენებლებად (Honorable Mention for Best Oral Performance).

„დღემდე არ მჯერა რაც მოხდა. 6 თვიანი თავდადებული მეცადინეობის და ვარჯიშის შემდეგ საოცარი შედეგი დავინახეთ: ათასობით ადამიანით გადაჭედილ ვენის დარბაზებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოთხჯერ გამოაცხადეს. მერე რაღაცეებს ვყვიროდით, ოღონდ აღარ მახსოვს ქართულად თუ ინგლისურად, ხმამაღლა თუ ხმადაბლა..... გარშემო ყველა ჩვენსკენ იყურებოდა: ზოგი გვილოცავდა, ზოგი შორიდან გვიღიმნოდა. ალბათ, ერთ-ერთი უბედნიერესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში.“ – აცხადებს თსუ გუნდის წევრი მარიამ ასანიშვილი.

„ჩემთვის, როგორც გუნდის მწვრთნელისთვის ყველაზე ნიშანდობლივი იყო იმის დანახვა, თუ როგორ გაიზარდნენ სტუდენტები და როგორ დახვეწეს თავიანთი უნარ-ჩვევები. სიამაყე და სიხარული ეს ის ორი გრძნობაა რომელიც მეუფლებოდა თითოეული გუნდის წევრის გამოსვლის ყურებისას. ეს ყველაფერი ძალზედ დიდი შრომის შედეგია და ბედნიერი ვარ რომ ერთობლივმა ძალისხმევამ და სულისკვეთებამ გამოიღო შედეგი, რომლითაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სათანადო ადგილი დაიმკვიდრა შეჯიბრში წარმატებით მოასპარეზე წამყვან უნივერსიტეტებს შორის“ – სოფიო ტყემალაძე, გუნდის მწვრთნელი.

გუნდის მონაწილეობა შეჯიბრში დააფინანსა თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა, თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ და შემდეგმა იურიდიულმა კომპანიებმა: DLA Piper Georgia LP, BLC (Professional Legal Services), David Lanchava Law Office.

ფოტოგალერეა

თსუ-ს გუნდი მადლობას უხდის სპონსორებს, რომელთა კეთილი ნების გარეშე გუნდის სათანადო მომზადება და გამგზავრება ვენაში შეუძლებელი იქნებოდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე