2013-11-12

პოლონელი პროფესორის ჯაკეკ კლიშის ლექციები თემაზე: ,,პოლონეთის ეკონომიკური პოლიტიკა ევროკავშირში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდეგ“


მიმდინარე წლის 4, 5 და 6 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს  პოლონელი პროფეორი ჯაკეკ კლიში ეწვია. მან წაიკითხა ლექციების კურსი თემაზე: ,,პოლონეთის ეკონომიკური პოლიტიკა ევროკავშირში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდეგ“. ლექციების კურსი განკუთვნილი იყო ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ეკონომიკური პოლიტიკის მოდულის სტუდენტებისათვის. თუმცა, თემატიკიდან გამომდინარე,  ლექციებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია სხვა მოდულების მაგისტრებსა და, ასევე, დოქტორანტებში. პროფესორმა კლიშიმ დაწვრილებით და საინტერესოდ მიმოიხილა ის გამოწვევები, რომლის წინაშეც პოლონეთი აღმოჩნდა ევროკავშირში გაწევრიანების წინა პერიოდში. ასევე, ვრცლად ისაუბრა გაწევრიანების ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე.

პროფესორ კლიშის ლექციები ჩატარდა საერთაშორისო გრანტის ფარგლებში „ვიშეგრადის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე“, რომელსაც თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა ახორციელებს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი რევაზ გველესიანი, პროექტის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი – თსუ დოქტორანტი გიორგი ყუფარაძე, პროექტის სამეცნიერო კონსულტანტები – თსუ ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი და თსუ დოქტორანტი ნანა მაისურაძე. აღნიშნული გრანტის ფარგლებში შეიქმნა სასწავლო კურსი ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ეკონომიკური პოლიტიკის მოდულის სტუდენტებისათვის და შემუშავდა სალექციო მასალები. სასწავლო კურსს უძღვება თსუ ასოც. პროფესორი ეკა ლეკაშვილი. საგრანტო პროექტით, დეკემბრის დასაწყისში, ასევე დაგეგმილია უნგრელი პროფესორის დანიელ კუტორის  ლექციები თემაზე „უნგრეთის ეკონომიკური პოლიტიკა გარდამავალ პერიოდში“.




Print

« იხ. ყველა სიახლე