2015-12-04

სალექციო კურსების სერია „არაფორმალური ეკონომიკა: დიაგნოზი და გამოსავალი“-სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო!

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და ბრემენის უნივერსიტეტი, თსუ-ს სტუდენტებს 15 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით სთავაზობს სალექციო კურსების სერიას „არაფორმალური ეკონომიკა: დიაგნოზი და გამოსავალი“, რომელსაც გაუძღვება ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დოქტორანტი ლელა რეხვიაშვილი.

სალექციო კურსის მიზანია არაფორმალურ ეკონომიკაზე არსებული თეორიების: დუალისტური, ინსტიტუციონალისტური, სტრუქტურალისტური და პოსტ-სტრუქტურალისტური პერსპექტივების კრიტიკული განხილვა.
 
ლექცია 1-2: დუალისტური, ინსტიტუციონალისტური, სტრუქტურალისტური და პოსტ-სტრუქტურალისტური პერსპექტივები არაფორმალურ ეკონომიკაზე;
ლექცია 3-4: არაფორმალური ეკონომიკა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში;
ლექცია 5-6: საქართველოს მაგალითი: წარმატება თუ მარცხი?
ლექცია 7-8: მიკრო ქეისი და არსებული თეორიების გადასინჯვა.

სალექციო კურსების სერია ტარდება პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“-ს ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. სტრატეგიის არსებული გამოწვევებსა და განხორციელების პროცესის კრიტიკული შეფასებით, პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა სალექციო კურსების სერიაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. იგეგმება სალექციო ბლოკ კურსების ჩატარება სხვა უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს მასშტაბით.

მონაწილეთათვის გაიცემა IDFI-ს, თსუ-ს და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი. სამ ყველაზე აქტიურ სტუდენტს საჩუქრად გადაეცემათ წიგნები: მარკეტინგის საფუძვლები (ფილიპ კოტლერი; გარი არმსტრონგი) ანფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები (ჯეიმს ს. ვან ჰორნი; ჯონ მ. ვაჰოვიჩი, უმცრ).

აგრეთვე, ბლოკკურსის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კურსისთემატიკის გარშემო დაწერონ ესსე და მოიგონ Kindle. პრიზი გადაეცემა ორი საუკეთესო ესსეს ავტორს.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე: georgia2020@idfi.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 13 დეკემბერი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

გთხოვთ, აღნიშნულ მეილზე გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: ბლოკ-კურსის სახელწოდება, სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი.

სალექციო ბლოკ-კურსი გაიმართება 15 დეკემბრიდადნ 18 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 („მაღლივი“) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, 15:00-დან 17:00-საათამდე.

სამუშაო ენა: ქართული.




ლელა რეხვიაშვილი

არაფორმალური ეკონომიკა: დიაგნოზი და გამოსავალი

ფართოდ გავრცელებული არაფორმალური ეკონომიკა სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებიისთვის საზიანოდ მიიჩნევა. 2010 წლისთვის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არაფორმალური, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა მთლიანი შიდა პროდუქტის 35-65 პროცენტს შორის ვარირებდა. მაშინ როცა ცენტრალურ-აღმსოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის და ბალკანეთის ქვეყნების მაჩვენებლები 15-35 პროცენტს არ ცდებოდა. მკვლევარებმა ამ პრობლემის დიაგნოზი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს დასვეს და ცენტრალურ გამოწვევად სახელმწიფო ინსტიტუციების სისუსტე, კორუფცია, მაღალი გადასახადები, რეგულაციების სირთულე და სიმრავლე დაასახელეს. 

მიუხედავად საერთაშორისო დონორების მიერ გაღებული რესურსების და ადგილობრივი პოლიტიკოსების ანტიკორუფციული რიტორიკისა, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმეტესობას არც კორუფციის და არც არაფორმალური ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი შემცირება არ განუცდია. ამ ფონზე საქართველო უნიკალურ მაგალითად იკვეთება და გვაძლევს კორუფციის შემცირების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების შედეგების შესწავლის საშუალებას.

ლექციების კურსის ცენტრალური მიზანია არაფორმალურ ეკონომიკაზე არსებული ცენტრალური თეორიების: დუალისტური, ინსტიტუციონალისტური, სტრუქტურალისტური, და პოსტ-სტრუქტურალისტური პერსპექტივების კრიტიკული განხილვა. ამ მრავალფეროვანი ლიტერატურის საფუძველზე ლექციების კურსი დაფარავეს: [1] არაფორმალური ეკონომიკის მნიშვნელობას სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისთვის  (ან ამ განვითარების შეფერხებისთვის), [2] არაფორმალური ეკონომიკის არსებობის და ზრდის მიზეზებს, [3] არსებულ გამოსავლებს არაფორმალური ეკონომიკის და მისი სოციალური მნიშვნელობის შესამცირებლად. ლექციები დაეყრდნობა პოსტ-საბჭოტა ქვეყნების, ყველაზე ვრცლად კი საქართველოს გამოცდილებებს. ერთის მხრივ კურსი განიხილავს  არაფორმალური ეკონომიკური ურთიერთობებს მიკრო-პროცესებზე დაკვირვების გზით. მეორეს მხრივ, კურსი აჩვენებს აღნიშნული მიკრო-პროცესების ზოგად რელევანტურობას და არაფორმალური ეკონომიკის შესწავლის მნიშვნელობას ეკონომიკური განვითარების თეორიებისთვის.

კურსი ინტერაქტიულ გარემოში წარიმართება. დამწრეებს არ მოეთხოვებათ რელევანტურ ლიტერატურასთან წინასწარ გაცნობა. მიუხედავად ამისა, მათი ჩართულობა, დისკუსიაში მონაწილეობის სურვილი უმნიშვნელოვანესი იქნება კურსის წარმართვისთვის.

ლექცია 1-2. დუალისტური, ინსტიტუციონალისტური, სტრუქტურალისტური, და პოსტ-სტრუქტურალისტური პერსპექტივები არაფორმალურ ეკონომიკაზე
•    კონცეპტის დეფინიცია: არაფორმალური ვერსუს არალეგალური ეკონომიკური გაცვლები
•    განსხვავებული თეორიული მიდგომები: პრობლემების დიაგნოზი და არსებული გამოსავლები

ლექცია 3-4. არაფორმალური ეკონომიკა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში
•    პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მდგომარეობის შედარებითი ანალიზი
•    სოციოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევები

ლექცია 5-6. საქართველოს მაგალითი: წარმატება თუ მარცხი?
•    არაფორმალური გაცვლების ისტორიული მნიშვნელობა
•    პოსტ-რევოლუციური რეფორმები და მისი (მაკრო) სოციალ-ეკონომიკური შედეგები

ლექცია 7-8. მიკრო ქეისი და არსებული თეორიების გადასინჯვა
•    თბილისის გარემოვაჭრეები და არსებული თეორიების ლიმიტები
•    ალტენატიული თეორია არაფორმალურ ურთიერთობებზე და მისი მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარების თეორიებისთვის




Print

« იხ. ყველა სიახლე