თსუ სტუდენტთა მორიგი წარმატება - სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

2012 წ. 6 ივნისს უნივერსიტეტთაშორისი კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომლის სახელწოდებაც იყო „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“. კონკურსი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას და საქართველოში მისი განვითარების პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართვას ისახავდა მიზნად.
თბილისის ოთხ უნივერსიტეტში გამართული შიდა კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა ოთხმა გუნდმა, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გააკეთა სოციალური საწარმოს განვითარების პროექტი და წარმოადგინა შესაბამისი პრეზენტაცია:
  1. Little Miss Sunshine (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) - ქალთა კავშირი „რეა“;
  2. Spark (კავკასიის უნივერსიტეტი) - კავშირი „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“;
  3. GRUNI (გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) - ინოვაციების და მეწარმეობის განვითარების ცენტრი;
  4. eQuality (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“.
წარმოდგენილ პროექტთა შორის, კომპეტენტური ჟიურის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების პროექტი შეირჩა (მენეჯმენტის და ადმინისტრირების ქვე-მიმართულება, მე-3 კურსის სტუდენტები: მარიამ იაკობიძე, ნათია ჯაოშვილი, გიორგი ბერეჩიკიძე, ლევან ქვარიანი).
პროექტში გამარჯვებული ორგანიზაცია, რომლის განვითარებაზეც თსუ-ს სტუდენტებმა მოამზადეს ბიზნეს-პროექტი, გრანტის სახით 15,000 ლარს მიიღებს. მხარდამჭერ სტუდენთა ჯგუფს კი გადაეცათ სერტიფიკატები და ჯილდოები.
თსუ-ს სტუდენტები კვლავაც გააგრძელებენ პარტნიორ სოციალურ საწარმოსთან თანამშრომლობას და დაეხმარებიან მის მენეჯმენტს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
პროექტის განხორციელებას ფაკულტეტის მხრიდან ხელს უწყობს მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრა (საკონტაქტო პირი, ასოც. პროფ. დავით ნარმანია).
მეტი ინფორმაცია პროექტის და მისი შედეგების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.gosocialenterprise.ge