2013-12-03

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დელეგაციის ვიზიტი იენის (გერმანია) ფრიდრიჰ შილერის სახელობის უნივერსიტეტში

უკვე მესამე წელია, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრიდრიჰ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი ახორციელებენ ორმაგი ხარისხის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას „საერთაშორისო საწარმოთა მართვა“.

მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, სრული პროფესორები ელენე ხარაბაძე, სიმონ გელაშვილი და ნუგზარ თოდუა, ასოცირებული პროფესორი ირინე გოგორიშვილი, პროგრამის მენეჯერი სოფიკო ჯვარშეიშვილი და პროგრამის კოორდინატორი ლაშა ტაბატაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიაში, ფრიდრიჰ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში.

ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილებისა და პრობლემების გაზიარება, სამომავლო სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება, პროგრამის პირველ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება.

იენის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ: რექტორი, პროფესორი კლაუს დიკე, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანდრეას ფრაიტაგი, პროფესორები იოჰანეს რუჰლანდი, რაინჰარდ ჰაუპტი, მარკუს პაშე, მარიო ბრანდტნერი და სხვები. ასევე პროგრამის კოორდინატორები: ალექსანდრე ბუჩაშვილი და ნათია ხორგუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ფინანსური ხელშეწყობით, რომლის წარმომადგენელიც ქალბატონი გიზელა ციმერმანი ასევე მონაწილეობდა აღნიშნულ შეხვედრებში.

ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა. ორმხრივი შეხვედრების დროს გაანალიზდა განვლილი პერიოდის გამოცდილება, აღინიშნა ერთობლივი მუშაობის დადებითი მხარეები და დაისახა პრობლემების გადაჭრის გზები.

29 ნოემბერს იენის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი გადაეცათ გიორგი ჯვარშეიშვილს, თორნიკე ბახტურიძეს და მარიამ მაღრაძეს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ჯვარშეიშვილი რეიტინგების მიხედვით დასახელდა არა მხოლოდ ამ პროგრამის, არამედ მთლიანად იენის უნივერსიტეტის ერთ–ერთ საუკეთესო სტუდენტად, რაც უდაოდ დიდი წარმატებაა.










Print

« იხ. ყველა სიახლე