2019-04-11

სტუდენტური პრაქტიკა გერმანიის სასტუმროებში

მიმდინარე წლის 11 აპრილს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ მიიღო თბილისში სტუმრად მყოფი ტურიზმის სფეროშო მოღვაწე გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ კერძო საოჯახო სასტუმროების მფლობელები: ბატონი იორგ კლინგორი (Jörg Klingohr, Bauer Korls Golchner Hof, https://www.golchenerhof.de/) და ქალბატონი მარიანე რომერი, Marianne Roemer, Familien Wellness Hotel Seeklause, https://www.hotel-seeklause.de/). შეხვედრა ორგანიზებულ იყო სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ, რომლის წარმომადგენლებიც ქალბატონი ნათია გუგუნაშვილი და ნუცა ციგროშვილი ასევე შედიოდნენ სტუმართა დელეგაციის შემადგენლობაში. თსუ-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა თსუ ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი იოსებ ხელაშვილი.

საუბარი შეეხო სტუმრების შეთავაზებას, რომ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებს საშუალება მიეცეთ გაიარონ სამთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა აღნიშნულ სასტუმროებში. ფაკულტეტის დეკანი დეტალურად დაინტერესდა სტუდენტების პრაქტიკის პირობებით და გერმანელ სტუმრებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის შემდეგ გერმანელი სტუმრები შეხვდნენ სტუდენტებს. მათ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია სტუდენტური პრაქტიკების შესახებ და საკუთარი სასტუმროებისა პრეზენტაცია გამართეს. აღნიშნულმა შეთავაზებამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია და პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.











Print

« იხ. ყველა სიახლე