იმიტაციის მეთოდი უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების აქტიური მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ბაზაზე (ხელმძღვანელი პროფესორი ჟანა თოლორდავა) 24 მაისს ჩატარდა  საჩვენებელი საქმიანი თამაში ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტთა მონაწილეობით. წარმოდგენილ იქნა სასწავლო იმიტაციური მოდელი “მედიტერანეა”, რომელიც მიეძღვანა ხმელთაშუა ზღვის და მისი აუზის გარშემო მდებარე ქვეყნების ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემებს.

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესაბამისად, სასწავლო პროცესში სულ უფრო და უფრო მეტი როლი ეკისრება საქმინ თამაშებს. აღნიშნულ იმიტაციაში ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლები – სტუდენტები –  მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ეკოლოგიურ პრობლემებს. ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, თამაშის პირობებით ნაჩვენებია ზღვის,  მდინარეების და სანაპირო ზოლის ინტენსიური დაბინძურება ნავთობმომპოვებელი დარგის,  ტანკერების თუ ტურისტული ბიზნესის მიერ, რომელიც ხდება განვითარებული მრეწველობის მქონე ქვეყნებში.

ყველა ეს პრობლემა გადასაწყვეტია და საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება, ვინაიდან ზღვის მდგომარეობა უარესდება. თამაში კონკორდატული ტიპისაა, სადაც იტალიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ესპანეთის, ალჟირის, ისრაელის, არაბეთისა და თურქეთის წარმომადგენლები ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს მართავენ და სხვადასხვა სახის შეთანხმება-ხელშეკრულებებზე თანხმდებიან. ისევე, როგორც რეალობაში ეს შეთანხმებები ირღვევა, და ქვეყნები ადანაშაულებენ ერთმანეთს გარემოს დაბინძურებაში.

იმიტაციის ასეთი სქემა აიძულებს მოთამაშეებს შეისწავლონ სხვადასხვა ქვეყნების  ეკოლოგიური მდგომარეობა. თამაშის მონაწილეებს ჭირდებათ სამხილი მასალა დადანაშაულებისათვის, რისთვისაც ისინი სწავლობენ ყველა მონაწილე ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობას, მრეწველობის, სოფლისა და კომუნალური მეურნეობების განვითარების დონესა და დაბინძურების შესაძლო კერებსა და მიზეზებს. 
                                                                                              

ზღვის დაბინძურების დონე აღწევს პიკს. იგი უსარგებლო ხდება როგორც სატრანსპორტო, ისე ტურისტული, თევზჭერის თუ სხვა მიზნებისთვის. იქმნება პრობლემა პროცესში ჩართული ყველა ქვეყნისათვის. ყველა ხვდება, რომ პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდება და საბოლოოდ ქვეყნები კონსენსუსამდე მიდიან.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გამართულ საჩვენებელ იმიტაციას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ფაკულტეტის დეკანი აკაკი ხელაძე, მისი  მოადგილეები გიორგი ღაღანიძე და აკაკი მიქაბერიძე, ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უჩა გოგიშვილი, არსებული კათედრების ხელმძღვანელები,  პროფესორები, მოწვეული სტუმრები.

ბატონმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გამოთქვა დიდი კმაყოფილება სტუდენტების მომზადების დონით, მათი უნარით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ხაზი გაუსვა საქმიანი თამაშების მეთოდის მნიშვნელობას, რომელიც საჭირო უნარ-ჩვევებს უვითარებს სტუდენტებს და ცოდნის მიღებისა და განმტკიცების ეფექტიანი მეთოდია. ბატონმა აკაკი ხელაძემ დააჯილდოვა სამ ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტები: საუკეთესო ლიდერი, საუკეთესო კომუნიკატორი და საუკეთესო ეკოლოგი.