სამხრეთ კავკასიის რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია. საერთაშორისო სპეციალური კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტმა 1-დან 5 ივნისამდე საერთაშორისო სპეციალური კურსს - ,,რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია: სტაბილურობისა და პროგრესის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიის რეგიონში” უმასპინძლა. იგი გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსებით შედგა. მისი ორგანიზატორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად პოტსდამის უნივერსიტეტი და კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევთი ინსტიტუტი იყვნენ.
კურსს ხელმძრვანელობდა გერმანელი პროფესორი ჰანს-გეორგ პეტერსენი – პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსური მეცნიერების დეპარტამენტის              ხელმძღვანელი, გერმანიის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის მკვლევარ-პროფესორი, გერმანია-საფრანგეთის სამთავრობო ეკონომიკური საბჭოს წევრი, ლიხტენშტეინის მთავრობის მრჩეველი საფინანსო საკითხებში.
კურსის საერთო კოორდინაციას ახორციელებდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური სტატისტიკის კათედრის ხემძღვანელი, სრული პროფესორი სიმონ გელაშვილი და პოტსდამის უნივერსიტეტის თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა ხოკრიშვილი.
სამუშაო ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები, მაგისტრანტები, დოქტორანტები, ასევე საუნივერსიტეტო აკადემიური პერსონალი. სულ 21 მონაწილე, მათ შორის 7-საქართველოდან, 7-აზერბაიჯანიდან და 7-სომხეთიდან.
1 ივნისს მოეწყო კურსის საზეიმო გახნის ცერემონიალი. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ელენე ხარაბაძემ.
ეკონომიკური ინტეგრაციის თეორიის ძირითად საკითხებზე მოხსენებებით გამოვიდნენ გერმანელი პროფესორები ულრიჰ ბასელერი – ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან და ვოლფ შეფერი – ჰამბურგისა და როსტოკის უნივერსიტეტებიდან. პროფესორმა პეტერსენმა კი – ფისკალური ფედერალიზმის კურსი წაიკითხა.
სომეხმა პროფესორმა, “კავკასიის მედია ინსტიტუტიდან” ჰარუტუნ ხაჩატრიანმა პოლიტიკური ეკონომიისა და დემოკრატიის განვითარების თეორიულ ასპექტებზე ისაუბრა, ხოლო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ტოროს ტოროსიანმა დამსწრე საზოგადოებას სომხეთის საგარეო ვაჭრობის ძირითად მიმართულებები და პერსპექტივები გააცნო.
მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია აზერბაიჯანის ევროინტეგრაციის ეროვნული კომიტეტის უფროსი ექსპერტის რიშად შირინოვის მოხსენებამ. იგი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში დემოკრატიის განვითარების პრობლემებს შეეხო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ლეკაშვილმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის ისტორიული გამოცდილება გაიხსენა, თანამედროვე მდგომარეობა შეაფასა და მომავლის პერსპექტივებზე ისაუბრა. ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა მარინე მინდორაშვილმა მსოფლიო ფინანსური კრიზისი რეგიონალური ეკონომიკური სტაბილურობის ჭრილში განიხილა.
    საინტერესი დისკუსიები გაიმართა ფოკუს-ჯგუფებში: სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მონაწილეები გულახდილად საუბრობდნენ სამხრეთ კავკასიის მომავალზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკურ ინტეგრაციას ხელსუშლის პოლიტიკური არასტაბილურობა, რომლის დაძლევაც შეიძლება მშვიდობის, გონიერების და კეთილი ნების შემთხვევაში. სხვანაირად წარმოუდგენელია რეგიონალური ეკონომიკური განვითარება.
    სტუმრებმა თავისუფალ დროს დაათვალიერეს თბილისი და მოინახულეს საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა.
    კურსის დასრულების შემდეგ ფოკუს-ჯგუფების მონაწილეებს გადეცათ სპეციალური სერთიფიკატები, ხოლო მათი მოხსენებები გამოიცემა ერთობლივი კრებულის სახით. ასევე გამოიკვეთა მომავალი ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების პერსპექტივა კონკრეტული მიმართულებების მიხედვით როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო ხაზით. ასეთი შეხვედრებიც, ხომ წინგადადგმული ნაბიჯია საერთო კავკასიური სტაბილურობის და ინტეგრაციის გზაზე.