2015-09-10

oikos საერთაშორისო ეკონომიკური საზაფხულო სკოლა 29 აგვისტო - 6 სექტემბერი, მესტია, სვანეთი

oikos საერთაშორისო ეკონომიკური საზაფხულო სკოლა
29 აგვისტო - 6 სექტემბერი, მესტია, სვანეთი


უკვე მეორედ oikos Tbilisi-ის ინიციატივითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერითჩატარდა საერთაშორისო  ეკონომიკური საზაფხულო სკოლა, რომელიც საინტერესო და მრავლფეროვანი აქტივობებით დატვირთულ 9 დაუვიწყარ დღეს მოიცავდა. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა სვანეთში, კერძოდ, მესტიაში თემაზე: „სოციალური მეწარმეობა და სოციალური ინოვაციები“.
საზაფხულო სკოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდა წამყვანი უნივერსიტეტების წარმატებული და ნოვატორი სტუდენტები მსოფლიოს 18 ქვეყნიდან.  პროექტი დატვირთული იყო როგორც აკადემიური საათებით, ასევე გასვლითი ტურებით, ლაშქრობებითა და ექსკურსიებით.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის გაზრდას სოციალური მეწარმეობის სფეროში. მონაწილეებს შესაძლებლობაჰქონდათ დასწრებოდნენ ლექცია-სემინარებს, რომელსაც უძღვებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები.სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ გუნდურ სამუშაოებში.  გუნდები ძირითადად დაკოპლექტდა სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებით. მათ მოახდინეს მიღებული ცოდნის რეალიზება ჯგუფურ სამუშაოებში. პროექტის უმთავრესი მიზანი იყო სვანეთის რეგიონის სამეწარმეო პოტენციალის შესწავლა და განვითარება. საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს 4 ბიზნეს იდეა, რომელიც შემუშავდა ამავე პროექტში შექმნილ ვირტუალურ ბიზნეს ინკუბატორში და ბიზნეს ექსპერტებისა და ინოვაციური ბიზნეს მოდელების  დახმარებით გაიარა ყველა ის ეტაპი, რაც აღნიშნული იდეების განვითარებას შეუწყობდა ხელს.
პროექტი გაიხსნა 29 აგვისტოს და დასრულდა 6 სექტემბერს ოფიციალური დახურვის ცერემონიალით, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი და ცენტრალური სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები და პროექტის მონაწილეები. მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერთიფიკატები. აგრეთვე, პროექტის გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გზები.
აღსანიშნავია, რომ პროექტს ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი და ამავე ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი   გულნაზ ერქომაიშვილი. მათ გამართეს შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან, ასევე მოწვეულ ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე დასახულ იქნა სამომავლო  თანამშრომლობის გზები.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ oikos საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.oikos-summerschool.org
 







Print

« იხ. ყველა სიახლე