ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-03

საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის“ (ACCA) პირველი სამი წიგნის (F1, F2, F3) ჩათვლა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მოდულის კურსდამთავრებულებისათვის



მიმდინარე წლის 2 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრაზე გაიმართა შეხვედრა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და სწრაფად მზარდ საერთაშორისო ბუღალტრული ორგანიზაციის - „ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის“ (ACCA) რეგიონულ წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ მიზნით კიევიდან ჩამოვიდნენ.



სტუმრების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ACCA-ის რეგიონული წარმომადგენლობის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ელენა ნაუმენკო და ამავე ოფისის ACCA-ის სწავლების მიმართულების მენეჯერი დიმიტრი შკოლნიკოვი. მასპინძელთა მხრიდან  -  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელენე ხარაბაძე და ამავე კათედრის თანამშრომლები.



რეგიონული წარმომადგენლობის ოფისი უზრუნველყოფს უკრაინის, ბელორუსიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ACCA-ის საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციასა და ზემოაღნიშნულ ქვეყნებში უნივერსიტეტებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.



შეხვედრის მიზანი იყო ACCA–ისა და თბილისის სახელმწიფო უნუვერსიტეტის სასწავლო პროგრამების დაახლოება, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება მათი აკრედიტაციის განხორციელება. აკრედიტაცია ითვალისწინებს ACCA–ის საგანმანათლებლო პროგრამებისა და თსუ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მოდულის საგნების თავსებადობის უზრუნველყოფას. აღნიშნულის შედეგად უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მოდულის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ ჩათვლა ACCA-მიერ აკრედიტებული საგნების ფარგლებში.


თუმცა უკვე ამ ეტაპზე, მიღწეულია შეთანხმება, რომ თსუ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მოდულის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები, დიპლომის წარდგენის შემთხვევაში ავტომატურად მიიღებენ ACCA-ის პირველი სამი წიგნის (F1, F2, F3) ჩათვლას, რაც უკვე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და თსუ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

Print

« იხ. ყველა სიახლე