ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-10-30

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ჩატარებული ეკონომიკის, ბიზნესისა და მარკეტინგის მართვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია


2013 წლის 14-15 ოქტომბერს ესპანეთის ქ. ბარსელონაში გაიმართა მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის მიერ ორგანიზებული ეკონომიკის,ბიზნესისა და მარკეტინგის მართვის  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (ICEBMM 2013, International Conference on Economics, Business and Marketing Management) რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასისტენტ-პროფესორებმა რუსუდან სეთურიძემ და თინა მელქოშვილმა.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ბიზნესის კათედრის სრული პროფესორის იაშა (იაკობ) მესხიასა და ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასისტენტ-პროფესორის რუსუდან სეთურიძის ნაშრომმა: "ევროკავშირის პრეფერენციული გენერალიზებული სისტემის რეფორმა (GSP) და საქართველოსთან ერთობლივი საინფორმაციო სისტემის პერსპექტივა" დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. საქართველოს წარმომადგენლები ზეპირი პრეზენტაციით წარსდგნენ კონფერენციაზე.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ამ დარგის წამყვანი მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის მიზანი იყო ბიზნესის, ეკონომიკისა და მარკეტინგის მართვის სფეროში სიახლეების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და აზრთა გაცვლა.

მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის სამეცნიერო სარედაქციო საბჭოს წევრი რუსუდან სეთურიძე კონფერენციაზე პირველ სექციას ხელმძღვანელობდა.

საქართველოს წარმომადგენლებს კონფერენციის მსვლელობისას შეხვედრები ჰქონდათ იტალიის, საფრანგეთის, ბულგარეთის, გერმანიის, პოლონეთის, ავსტრალიის, პორტუგალიის, ჩეხეთის, ლატვიისდა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.  მიიღეს მიწვევები იტალიაში, პორტუგალიაში და ბულგარეთში.

მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის მიერ მოხსენება დაიბეჭდა სამეცნიერო ნაშრომების კრებულში და მონაწილეებმა მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატები.















Print

« იხ. ყველა სიახლე