2015-11-05

თსუ და თიბისი ბანკის სტუდენტური კონკურსის ”მისია 2015” პრეზენტაცია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე


12 ნოემბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში ჩატარდება სტუდენტური კონკურსის ”მისია 2015” პრეზენტაცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. დასწრება თავისუფალია!

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსი - „მისია 2015“ გამოცხადდა. თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში - “მისია“ უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. წელს, კონკურსის პარტნიორია კომპანია თიბისი ბანკი.

კონკურსის პირველი ტურის დავალება: „წარმოადგინეთ პროექტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიათა ქსელის „Scripta Manent“ საკომუნიკაციო სტრატეგია 2015“.
მეორე ეტაპზე გასული 5 ფინალისტი გუნდი თიბისი ბანკისგან ახალ დავალებას მიიღებს.

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორი ბრენდი უზრუნველყოფს. საპრიზო ფონდი გამარჯვებულ სამ გუნდზე ნაწილდება:
I ადგილი - 2500 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი

კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.
კონკურსი 2011 წელს დაიწყო და ოთხი წლის განმავლობაში პროექტის პარტნიორი კომპანიები იყვნენ: “IDS ბორჯომი საქართველო”, „გეოპლანტი“, „ნატახტარი“ და „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“.

Print

« იხ. ყველა სიახლე