2016-04-01

პროფესორ სიმონ გელაშვილის და მოწვეული პროფესორის ლია ჩარექიშვილის წიგნის „გენდერული სტატისტიკის საკითხები“ პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 31 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა პროფესორ  სიმონ გელაშვილისა  და მოწვეული პროფესორის  ლია ჩარექიშვილის  წიგნის  „გენდერული სტატისტიკის საკითხები“  პრეზენტაცია.



           პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც მონაწილეთა დიდი რაოდენობაც მეტყველებს: მას ესწრებოდა 150–ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სამივე საფეხურის სტუდენტები. პრეზენტაციას ასევე დაესწრო და სიტყვით გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.



           პრეზენტაციაზე გამოსვლისას პროფესორმა  სიმონ გელაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი წიგნის მომზადებისა და გამოცემის მთავარი მიზანი იყო ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტების უზრუნველყოფა ქართულენოვანი სასწავლო ლიტერატურით.  ჩვენთან ისწავლება საგანი ,,გენდერული სტატისტიკა“, ხოლო შესაბამისი სახელმძღვანელო დღემდე არ არსებობდა, რაც გარკვეულ სირთულეებს უქმნიდა სტუდენტებს. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია და ყველა იმ სტუდენტს, რომელიც ამ საგანს მიმდინარე ან მომავალ სემესტრში შეისწავლის, დღესვე საჩუქრად გადაეცემა ეს წიგნი. მანვე წიგნის ავტორებისა და სარედაქციო ჯგუფის სახელით მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს, რომელმაც  წიგნის გამოცემის ხარჯები დააფინანსა.



           აზიის განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა კონსულტანტმა გენდერის საკითხებში, ქალბატონმა ქეთევან ჩხეიძემ  თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დღევანდელ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნი საქართველოში პირველია, რომლის გამოცემაც დააფინანსა  აზიის განვითარების ბანკმა. აღნიშნული ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. დღეს კი ამ წიგნის გამოცემის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ბანკის ახალი ინიციატივა და მისი საქმიანობის გაფართოება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.



            პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე პროფესორები: მირიან ტუხაშვილი და მერაბ ხმალაძე, ასოცირებული პროფესორები:  ჩარიტა ჯაში, ლია ჩარექიშვილი და მარინა მუჩიაშვილი, მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ქრისტინე კოხოძე.


Print

« იხ. ყველა სიახლე