აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მასწავლებლები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა და საქართველოს ეკონომიკური განათლების ასოციაციამ განახორციელეს ტრეინინგის პროგრამა აფახაზეთიდან იძულებით გადადგილებულ ეკონომიკის საგნის მასწავლებელთათვის. საშუალო სკოლების, კოლეჯების და უნივერსიტეტის პედაგოგ-მასწავლებელთა შერჩევა მოახდინა აფხაზეთის განათლების სამინისტრომ, ხოლო ტრეინინგის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ამერიკის ეკონომიკური განათლების საბჭომ /NCEE/.

ტრეინინგი გახსნა ივ. ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, სრულმა პროფესორმა ელენე ხარაბაძემ. მან განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის როლი ეკონომიკის სწავლების ხარისხის ამაღლებასა და უახლესი სწავლების ფორმების გამოყენებაში. მან ასევე აღნიშნა, თუ რა დიდი  მნიშვნელობა ენიჭება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მასწავლებელთა მომზადებას. ტრეინინგის მონაწილეებს წარმატება უსურვა ფაკულტეტის ხარისხის უზუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ლეკაშვილმა.

ეკონომიკური განათლების ასოციაცის პრეზიდენტმა, ასოცირებულმა პროფესორმა ჩარიტა ჯაშმა ისაუბრა ამერიკის ეკონომიკური განათლების საბჭოსთან /NCEE/ ათწლიანი ინტენსიური თანამშრომლობის შესახებ. პროექტის კოორდინატორები მაია გონაშვილი, ეკა სეფაშვილი და რუსუდან დალაქიშვილი მრავალი წელია აქტიურად არიან ჩართულები /NCEE/-მიერ მიერ განხორციელებულ   პროექტებში.  

ტრეინინგი ჩატარდა ეკონომიკური სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენებით. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პედაგოგ-მასწავლებლები კმაყოფილი დარჩნენ /NCEE/-ის ტრენერების მიხეილ თოკმაზიშვილისა და დალი შავლოხაშვილის მიერ ჩატარებული მუშაობით და იმედი გამოთქვეს, რომ ასეთი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.