ქართველი სტუდენტების კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე–2 კურსის სტუდენტმა ოლიკო ვარდიშვილმა და მე–3 კურსის სტუდენტმა ლაშა ნიკოლაიშვილმა ა. წ. 5 ივლისს უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე პირველი ადგილი დაიკავეს. როგორც კონფერენციის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი მხოლოდ ერთი მონაწილისთვის იყო გათვალისწინებულ, მათ იმდენად მოეწონათ ორივე სტუდენტის გამოსვლა, რომ გაუჭირდათ არჩევანის გაკეთება და ერთხმად მიიღეს გადწყვეტილება ორივე მათგანისთვის პირველი ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ.

კონფერენცია საერთაშორისო საზაფხულო ეკონომიკური სკოლის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მეთხუთმეტე წელია დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი უკვე მეორე წელია შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ამ სკოლას ესტუმრნონ და მიიღონ მეტად სასარგებლო და საინტერესო გამოცდილება. წელს საზაფხულო სკოლაში საქართველოსა და უკრაინის გარდა კიდევ ათამდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი: აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, ეგვიპტე, ლატვია, მოლდავეთი, რუსეთი, რუმინეთი და სომხეთი. გარდა კონფერენციისა, სკოლის პროგრამა მოიცავდა ლექციების კურსის მოსმენას და ჯგუფურ მუშაობას ეკონომიკის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. ასევე, საკუთარი ქვეყნის, მისი კულტურის, ტრადიციებისა და  სამზარეულოს გაცნობას სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.

წარმატებული გამოდგა ქართველი სტუდენტების გამოსვლა საქართველოს კულტურის დღეებზეც. მომავალი ეკონომისტების მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. არც ქართულმა ტრადიციულმა ტკბილეულობამ და ღვინომ დატოვა უცხოელი მონაწილეები გულგრილი.

გამოსამშვიდობებელ ბანკეტზე საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი თანამშრომლობა თსუ–თან მომავალშიც გაგრძელდება.

დაბოლოს, გვსურს მადლობა გადავუხადოთ უკრაინელ მასპინძლებს გულთბილი მასპინძლობისთვის და წარმატებები ვუსურვოთ მათ.