2013-12-18

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“-ს მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ



თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2001 წლიდან მოქმედებს სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“. დღეისათვის ცენტრში გაერთიანებულია ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 70-ზე მეტი სტუდენტი.
ცენტრის უმთავრესი მიზნებია:
•    თსუ-სა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ყველა დაინტერესებული სტუდენტის ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი (მათ შორის, ინტერდიციპლინური) საქმიანობის დონის ამაღლების ხელშეწყობა;
•    ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით სტუდენტთა, მეცნიერთა და ბიზნესმენთა დაახლოებისა და თანადგომის ხელშეწყობა, გაცვლით სამეცნიერო-სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა;
•    კონფერენციების, სიმპოზიუმების, ლექცია-სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება.



ცენტრის მუშაობა ისრაელის ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის სფეროში

ცენტრთან მოქმედებს ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელი ლაბორატორია, რომელიც  2014  წლიდან იწყებს 2-3 წლიან სამეცნიერო-პრაქტიკულ კვლევით პროექტს თემაზე: „საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები“.
ასეთი პროექტის განხორციელება ხელს შუწყობს სამეცნიერო, კერძოდ, სტუდენტური კვლევითი საქმიანობის გააქტიურებას და საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველო-ისრაელის ეკონომიკური და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.
ამ კვლევითი პროექტის ფარგლებში, ცენტრს განზრახული აქვს ჩაატაროს შესაბამისი საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სტუდენტებს   ისრაელის  უნივერსიტეტებიდან.


2013 კალენდარულ წელს ცენტრმა განახორციელა შემდეგი ძირითადი ღონისძიებები
:



შეხვედრა ისრაელის ელჩთან საქართველოში - 10 .12. 13


10 დეკემბერს თსუ-ს პირველ კორპუსში მოხდა ცენტრის შეხვედრა ისრაელის ელჩთან საქართველოში ბატონ იუვალ ფუქსთან, რომელმაც მოგვიწონა ისრაელის ეკონომიკის კვლევის პროექტი, შესაბამისი კონფერენციის  ჩატარების იდეა და დიდი მხარდაჭერა  აღგვითქვა ამ საქმეში. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა, მისი მრჩეველები ირაკლი მურცხვალაძე და ვახტანგ ჭარაია, რომლებმაც ასევე გამოხატეს ჩვენი მხარდაჭერა.  












შეხვედრა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსთან -27.11.13.

27 ნოემბერს შედგა ცენტრის შეხვედრა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსთან, მანანა ლობჟანიძესთან. განხილულ იქნა  ცენტრის საქმიანობის გაღრმავება-გაფართოების, სამომავლო გეგმების და ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურთან მჭიდრო ურთიერთობების საკითხები.



შეხვედრა ცენტრის ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელ ლაბორატორიაში -13.11.13

          ისრაელის ეკონომიკის კვლევის  მიმართულებით საქმიანობის გაღრმავება-გაფართოებისა და სამომავლო გეგმების განხილვისათვის 13 ნოემბერს შედგა  ცენტრის წევრთა სხდომა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა თემურ ბერიძემ; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თსუ-ს მოწვეულმა პროფესორმა, დავით ჩიკვაიძემ; ისრაელის მოქალაქემ, ფაკულტეტის სტუდენტმა, იულია ჯანაშვილმა. ცენტრის დირექტორმა გიორგი შიხაშვილმა წარმოადგინა გეგმა სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევითი პროექტისა - „საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები“. ბატონებმა თემურ ბერიძემ და დავით ჩიკვაიძემ ისაუბრეს განხილული მიმართულებით სტუდენტური ცენტრის მუშაობის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ასეთი პროექტის გახორციელება ხელს შუწყობს სტუდენტთა კვლევითი საქმიანობის გააქტიურებას და გარკვეულ წვლილს შეიტანს ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.


ლექცია თსუ-ს ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში - 2.11.13

2 ნოემბერს თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ეკონომისტთა სკოლის მოსწავლეებისათვის ცენტრმა ჩაატარა ლექცია თემაზე: „დროის მართვა“. ლექციას უძღვებოდნენ ცენტრის დირექტორი გიორგი შიხაშვილი და მისი ასისტენტები, ცენტრის წევრი სტუდენტები: ჯული ოქრომჭედლიშვილი, ლევან ტეფნაძე და შორენა გოგიძე.



ლექცია-სემინარი მცხეთის მართლმადიდებლურ სკოლაში - 29.10.13

ლექცია-სემინარი თემაზე: „დროის მართვა“ ცენტრმა ჩაატარა 29 ოქტომბერს  წმ. ათორმეტ მოციქულთა სახელობის მცხეთის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში. ლექცია-სემინარს უძღვებოდნენ ცენტრის დირექტორი გიორგი შიხაშვილი და მისი ასისტენტები, ცენტრის წევრი  სტუდენტები: ნესტან აბრამიშვილი, ჯული ოქრომჭედლიშვილი, ნინო ხარისთვალაშვილი, ირაკლი სვანიძე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტი“-ს ჟურნალისტმა ნატო ობოლაძემ, ფოტორეპორტიორმა ანი ბოლქვაძემ და თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ქეთევან გაბოშვილმა. ლექციის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა მოილოცეს სვეტიცხოვლის და სამთავროს ტაძრები და წმ. გაბრიელ ბერის საფლავი.  დღის ბოლოს მოეწყო ერთობლივი ტრაპეზი.



ლექცია-სემინარი გორის გიმნაზიაში - 22.10.13

ანალოგიური ლექცია-სემინარი ცენტრმა „იდეა“-მ ჩაატარა 22 ოქტომბერს, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში. ლექცია-სემინარს გაუძღვნენ ცენტრ „იდეა“-ს დირექტორი გიორგი შიხაშვილი და მისი ასისტენტები, ცენტრის წევრი სტუდენტები: ქეთი კორძაძე, თორნიკე ბერიძე, ლევან ტეფნაძე, შორენა გოგიძე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: თსუ-ს რექტორის მრჩეველებმა ირაკლი მურცხვალაძემ და ვახტანგ ჭარაიამ, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტი“-ს რედაქტორმა ნინო კაკულიამ და ჟურნალისტმა ნატო ობოლაძემ. ლექციის შემდეგ, გიმნაზიის დირექტორთან, მღვდელ ბორის ნიჩიპეროვიჩთან და მღვდელ ზაზა სოსიაშვილთან ერთად, ღონისძიების მონაწილეებმა მოილოცეს ატენის სიონის ტაძარი. დღის ბოლოს მოეწყო ერთობლივი ტრაპეზი.





ლექცია-სემინარი სტეფანწმინდის (ყაზბეგის) საპატრიარქოს გიმნაზიაში - 16.05.13

16 მაისს სტეფანწმინდის (ყაზბეგის) საპატრიარქოს გიმნაზიის უფროსკლასელებისა და თსუ-ს „ნორჩი ეკონომისტის“ სკოლის მოსწავლეებისათვის ცენტრმა ჩაატარა ლექცია–სემინარი  თემაზე: „დროის მართვა“. ლექცია-სემინარს უძღვებოდნენ გიორგი შიხაშვილი და მისი ასისტენტები, ცენტრის წევრი სტუდენტები: თენგიზ თაქთაქიშვილი, ლევან ტეფნაძე, ვლადიმერ ხიხაძე. ღონისძიებაში მონაწილეობდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე. ლექცია-სემინარის შემდეგ თბილისელი სტუმრები პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ეწვივნენ, სადაც საპატრიარქოს რეზიდენციაში მათ მეუფე იეგუდიელმა უმასპინძლა.








ცენტრი ,,იდეა“ მასპინძლობდა კოსტა-რიკელ სტუმარს  - 11.05.-18.05 2013.

11 მაისს თსუ-ს მაღლივ კორპუსში ცენტრს ესტუმრა კოსტა-რიკელი პროფესორი ნორმან ვილალობოსი, რომელიც დაინტერესდა ცენტრის საქმიანობით და განხორციელებული პროექტებით. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, მათ შორის, კოსტა-რიკელი და ქართველი სტუდენტების  დაახლოების პერსპექტივებს. ბატონი ნორმანი, ცენტრის წარმომადგენელ ირაკლი სვანიძესთან ერთად 13 მაისს გაემგზავრა ზემო სვანეთში, სადაც ისინი ხუთი დღის განმავლობაში სტუმრობდნენ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონის (ქიტიაშვილი) რეზიდენციას.



გიორგი შიხაშვილი
მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოც. პროფესორი,
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“-ს დირექტორი

17.12.2013.

Print

« იხ. ყველა სიახლე