2015-09-27

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერის ლექციების ციკლი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე


თითქმის უკვე 20 წელია, რაც პროფესორი ესტატე ხმალაძე საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწეობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში და იქვე დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები მათემატიკურ სტატისტიკაში. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და 1990-1999 წლებში იყო ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების გამგე ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 1996 წელს პროფ. ე.ხმალაძე სამუშაოდ და საცხოვრებლად (ოჯახთან ერთად) გადავიდა ავსტრალიაში და მუშაობა დაიწყო სიდნეის უნივერსიტეტში. შედგომ იგი გადადის ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტში, სადაც 2002 წელს ის იკავებს სტატისტიკის პროფესორის თანამდებობას. ამჟამად ის ამავე უნივერსიტეტის მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია.



პროფ. ე. ხმალაძე მსოფლიოში აღიარებული მეცნიერია: ის არის სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოებისა და სამეცნიერო გამოცემების რედკოლეგიის წევრი, რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 2010 წელს ის აირჩიეს ახალი ზელანდიის ეროვნული აკადემიის წევრად. პროფ. ე. ხმალაძის მეცნიერული კვლევის  ინტერესები მეტად ფართოა და მოიცავს სტატისტიკური მეთოდების გამოყენებას გენეტიკაში, ფიზიოლოგიაში, დემოგრაფიასა და დაზღვევაში, ტექსტების სტატისტიკურ ანალიზში, ეკონომიკური და ფინანსური პროცესების კვლევაში.



მიმდინარე წლის 24–25 სექტემბერს, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ სიმონ გელაშვილის ინიციატივით, ბატონმა ესტატე ხმალაძემ ლექციების ციკლი ჩაატარა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის და ანაზღაურების მიღებაზე უარი განაცხადა. მისმა ლექციებმა დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მან სურვილი გამოთქვა, მომავალში უფრო გააფართოოს თანამშრომლობა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან და განსაკუთრებით, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრასთან.

Print

« იხ. ყველა სიახლე