ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-02

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს მიერ 2015 კალენდარულ წელს გაწეული მუშაობის ანგარიში



 

ცენტრის სლოგანია:
„ფიქრი იდეისთვის, კვლევა პროექტისთვის, მართვა წარმატებისთვის“
„Think for an Idea, Research for a Project, Manage to Succeed“



თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური ცენტრი „იდეა“ შეიქმნა 2000 წლის 8 თებერვალს. დღეისათვის ცენტრის პერსონალურ  შემადგენლობაშია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და  დოქტორანტურის 40-ზე მეტი სტუდენტი.  ცენტრის წევრები აგრეთვე არიან საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტისა და ჩიკაკოს ლუისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) სტუდენტები.
ცენტრთან არსებულ მრჩეველთა და მზრუნველთა საბჭოებში გაერთიანებული არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სპეციალისტები და ბიზნესმენები, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ ცენტრს.
ცენტრის გეგმის მიხედვით, 2015 კალენდარულ წელს მიმდინარეობდა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-სატრენინგო სამუშაოები და შესაბამისი პროექტების/ღონისძიებების გახორციელება შემდეგი ძირითადი პროგრამების საფუძველზე:
1.    „შეიმეცნე და ააღორძინე საქართველო“ - ხორციელდება ცენტრთან არსებული ეროვნული ეკონომიკის კვლევის ლაბორატორიაში;
2.    „ისრაელის ეკონომიკა და ბიზნესი“ - ხორციელდება ცენტრთან არსებული ისრაელის ეკონომიკის კვლევის ლაბორატორიაში;
3.    „აშშ-ს და ბრიტანეთის ეკონომიკა და ბიზნესი“ - ხორციელდება ცენტრთან არსებული ამერიკული და ბრიტანული ეკონომიკის კვლევის ლაბორატორიაში.



ქვემოთ გადმოცემულია ცენტრ „იდეა“-ს ინიციატივით, ორგანიზებით და მონაწილეობით
2015 კალენდარულ წელს განხორციელებული პროექტები/ღონისძიებები და
2016 კალენდარული წლის გეგმები

_ _ _ _ _ _ _



1)    პროგრამული პროექტი - II საერთაშორისო სტუდენტური
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
 „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა“
 (2015 წლის 20-21 სექტემბერი, სიღნაღი)

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა პროექტები.
2015 წლის 20-21 სექტემბერს სიღნაღში ჩატარდა II საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა“.
კონფერენცია მოეწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და საქართველოში ისრაელის საელჩოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში.
კონფერენციის ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“.
სიღნაღის კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ-ს ადმინისტრაცია; ისრაელის საელჩო საქართველოში; სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა; თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“; აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“; ისრაელის კომპანია „ნეტაფიმ-საქართველო“.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი არიან: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა - თსუ-ს რექტორი; იუვალ ფუქსი - ისრაელის ელჩი საქართველოში; დავით ჯანიკაშვილი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი; თეიმურაზ ბერიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი; დავით ნარმანია - ქ. თბილისის მერი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი; გიორგი შიხაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს დირექტორი, ასოც. პროფესორი; აჰარონ გაგულაშვილი - ისრაელის კომპანია „ნეტაფიმ-საქართველო“-ს დირექტორი; ნიკოლოზ ბაკაშვილი - აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“-ს დირექტორი და  სხვ.
კონფერენცია ჩატარდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და თსუ-ს შორის მიმდინარე წლის 22 იანვარს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სტუდენტთა ინიციატივისადმი.
სიღნაღის კონფერენცია მოეწყო, აგრეთვე, თსუ-სა და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს (დირექტორი - აჰარონ გაგულაშვილი) შორის მიმდინარე წლის 9 ივლისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
კონფერენციის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ასევე, აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“-ს დირექტორმა ნიკოლოზ ბაკაშვილმა.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს ისრაელის, აშშ-ის და უკრაინის უნივერსიტეტების პროფესორებმა და სტუდენტებმა, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა და ბიზნესმენებმა.
მოხსენებათა დიდი ნაწილი, გუნდური ნაშრომების სახით, წარმოადგინეს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).
21 სექტემბერს ჩატარდა კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი (პლენარული სხდომა და სამეცნიერო მოხსენებები), ხოლო 22 სექტემბერს - კონფერენციის პრაქტიკული ნაწილი - მონაწილეობა რთველში.
დაიბეჭდა შრომების კრებული, რომელშიც შესულია კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები.



2) ცენტრის თანამშრომლობა ისრაელის საელჩოსთან საქართველოში

2013 წლიდან დღემდე ცენტრი „იდეა“ მჭიდროდ თანამშრომლობს ისრაელის საელჩოსთან საქართველოში, რომელიც ყოველმხრივ დახმარებას უწევს ცენტრს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელჩის, ბატონ იუვალ ფუქსის სისტემატური და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სტუდენტთა საქმიანობისადმი.
სწორედ ამ თანამშრომლობის ფარლებში 2015 წლის 20-21 სექტემბერს სიღნაღში ჩატარდა ზემოაღნიშნული II საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა“. ხოლო 2014 წლის 14-17 ივლისს მესტიაში - I საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: მწვანე ეკნომიკის მართვა“.
2015 წლის განმავლობაში ისრაელის საელჩოში და ელჩის რეზიდენციაში შედგა რამდენიმე შეხვედრა ბატონ იუვალ ფუქსსა და ცენტრ „იდეა“ს წევრებს შორის.
მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დაგეგმილია ცენტრის  წევრების სტუმრობა ელჩის რეზიდენციაში.
-    2016 წლის მაისში დაგეგმილია კვლავ ერთობლივი III საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარება თემაზე: „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ტრადიციული და უახლესი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა“.


3) VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანობა და ეკონომიკა - 2015“
(2015 წლის 5-6 სექტემბერი,  ბათუმი)


2015 წლის 5-6 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანობა და ეკონომიკა - 2015“ მიეძღვნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 80 წლისთავს.
კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან ერთად იყო სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“.
თსუ-ში დასტამბულ სამეცნიერო კრებულში აისახა გერმანიიდან (იენის უნივერსიტეტი), ლიტვიდან (გამოყენებითი მეცნიერების ალითაუს კოლეგიის უნივერსიტეტი), უკრაინიდან (უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტი) და ბელარუსიდან (ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი), აგრეთვე ცენტრ „იდეა“-დან წარმოდგენილი სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომები.
- 2016 წლის 22-23 ოქტომბერს - დაგეგმილია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართოს მორიგი, IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქრისტიანობა და ეკონომიკა - 2016“, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე კვლავ იქნება სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“.


4)    ცენტრ ,,იდეა“-ს  თანამშრომლობა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან

ცენტრის ინიციატივით, ორგანიზებით  და მონაწილეობით 2015 წლის 17 ივლისს ყაზბეგში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის. უნივერსიტეტის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
მემორანდუმის მიხედვით მხარეები მიზნად ისახავენ, ხელი შეუწყონ საქართველოში სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებსა და ადგილობრივი მართვის ორგანოებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას. თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, მმართველობითი, საექსპერტო პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების და სიმპოზიუმების ჩატარებას, კადრების მოსამზადებელი, სატრენინგო პროგრამებისა და ლექცია სემინარების ჩატარებას, როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის, ასევე ყველა დაინტერესებული მხარეების/ჯგუფების/ინდივიდების, მათ შორის ბიზნესსუბექტების და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სტუდენტების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის მუშაობას.
ამ მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ერთდღიანი ვიზიტით ეწვინენ ცენტრის წევრები.  დაისახა ერთობლივი სამუშაოების ჩატარების გეგმა.
- გეგმის მიხედვით, 2016 წელს ყაზბეგში ჩატარდება ტრენინგი გამგეობის თანამშრომლებისთვის, აგრეთვე დაიწყება მუშაობა მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შესამუშავებლად.


5)    ცენტრ ,,იდეა“-ს  თანამშრომლობა ისრაელის ფირმა
„ნეტაფიმ-საქართველოსთან“


მჭიდრო თანამშრომლობა 2014 წლიდან ვითარდება ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველოსთან“.
ცენტრის ინიციატივით, ორგანიზებით და მონაწილეობით 2015 წლის 9 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს დირექტორმა აჰარონ გაგულაშვილმა. მემორანდუმის მიზანია მხარეებმა ხელი შუწყონ საქართველოში სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებსა და ბიზნესორგანიზაციებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.
მემორანდუმში გათვალისწინებულია:
1.    ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური, მმართველობითი და სამეცნიერო-საექსპერტო პროექტების განხორციელება;
2.    სასწავლო-სატრენინგო კურსებისა და საჯარო ლექცია-სემინარების ერთობლივი ჩატარება დაინტერესებული მხარეებისთვის;
3.    თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესურისა და სტუდენტური ცენტრ „იდეას“-ს წევრების გაგზავნა ისრაელსა და საქართველოში კომპანიის საწარმოებში გამოცდილების გასაზიარებლად, სტაჟირებასა და პროფესიულ პრაქტიკაზე;
4.    ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ჩატარება.
მემორანდუმის ფარგლებში, ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, 2015 წლის 20-21 სექტემბერს სიღნაღში ჩატარდა II საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა“.
- ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს მხარდაჭერით 2016 წლის მაისში დაგეგმილია III საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარება თემაზე: „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ტრადიციული და უახლესი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა“.
- 2016 წელს ასევე დაგეგმილია ცენტრის წევრი სტუდენტების გაგზავნა სტაჟირებაზე ისრაელში ფირმის ცენტრალურ ოფისში.



6)    ცენტრ „იდეა“-ს დირექტორის, ასოც. პროფესორ გიორგი შიხაშვილის
საჯარო ლექცია თემაზე: „თეოლოგია და ეკონომიკა (ქრისტიანული პარადიგმა)“

2015 წლის 9 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი შიხაშვილმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე: „თეოლოგია და ეკონომიკა (ქრისტიანული პარადიგმა)“. ლექცია გაიმართა თსუ რექტორის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის - "პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან" ფარგლებში.



7)    თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის,
პროფესორ თეიმურაზ ბერიძის ლექციები
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტში


2015 წლის ივნისის ბოლო დეკადაში, ცენტრ „იდეა“-ს ინიციატივით და ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს მხარდაჭერით, არსებული მემორანდუმის ფარგლებში ისრაელს ვიზიტით ეწვია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, რომელმაც ლექციები წაიკითხა ბენ-გურიონის უნივერსიტეტში.



8)    გუნდური სტუდენტური სემესტრული პროექტების პრეზენტაცია
ცენტრ „იდეა“-ს ოფისში
 

2015 წლის ივნისის დასაწყისში ცენტრის ოფისში (თსუ მაღლივი კორუსი, ოთ. # 1211) მოეწყო სტუდენტური სემესტრული გუნდური სასწავლო-შემოქმედებითი პროექტების პრეზენტაცია. მსგავს პროექტების შედგენა-პრეზენტაციას ყოველსემესტრული ხასიათი აქვს და ცენტრის დირექტორის გ. შიხაშვილის სასწავლო გეგმისა და მეთოდიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. პროექტების პრეზენტაციის შეფასება ხდება ცენტრის ხელმძღვანელისა და ცენტრის მენეჯერებით შედგენილი კომისიის მიერ.
2015 წლის ივნისის დასაწყისში, ოთხი სასწავლო ჯგუფიდან წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აქტუალურ თემაზე შესრულებული 16 პროექტი, რაც დიდ ინტერესს იწვევდა როგორც სხვა გუნდებში, ისე შემფასებლებში. მსგავსი ტიპის პროექტებთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის, რომ ადგილი არ ჰქონდა აზრების განმეორებას და ყოველ პროექტს მსმენელამდე მიჰქონდა ახალ-ახალი იდეები, მათი განხორციელების ორიგინალური გააზრება და სათანადო გზების დასახვა.
ყველასთვის სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თეიმურაზ ბერიძის დასწრება პროექტების პრეზენტაციაზე, რომელმაც განაცხადა: კარგი პროექტებია წარმოდგენილი. „ცენტრი “იდეა” კარგად მუშაობს, ვხედავ სტუდენტების სწრაფვას - გაიაზრონ, იმსჯელონ და დასახონ მოქმედების გზა აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით – ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.



9)    ცენტრ „იდეა“-ს დირექტორის, ასოც. პროფესორ გიორგი შიხაშვილის
ვიზიტი ლას-ვეგასის უნივერსიტეში (აშშ)


2015 წლის 20 მაისს, თსუ სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი "იდეა"-ს დირექტორი გ.შიხაშვილი ეწვია აშშ-ის ლას-ვეგასის ნევადის უნივერსიტეტის კვლევებისა და ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტს ტომას პიეჩოტას. განიხილულ იქნა ურთიერთსაინტერესო საკითხები და დაისახა თანამშრომლობის განვითარების გზები.



10)    ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის საპირის კოლეჯის
პროფესორ რობერტ ალბინის ვიზიტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე


2015 წლის 7 აპრილს,  სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი "იდეა"-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის საპირის კოლეჯის პროფესორი რობერტ ალბინი. სტუმარი მიიღო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. საუბარი შეეხო თსუ-ს და ისრაელის უნივერსიტეტების თანამშრომლობისა და სტუდენტთა გაცვლის პერსპექტივებს. იმავე დღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა პროფესორ რობერტ ალბინის ლექცია თემაზე: "ბიზნესის ეთიკა".



11)    ტრენინგი თემაზე: პროექტების შედგენა არასამთავრობო სექტორისათვის
(2015 წლის 23, 30 მარტი. ცენტრ „იდეა“-ს ოფისი)


ცენტრ ,, იდეა“-ს  მთავარი პროგრამა - ,,შეიმეცნე და ააღორძინე საქართველო“, ითვალისწინებს ტრენინგების ჩატარებას როგორც ცენტრის წევრებისა და ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე თსუ-ს გარე სამიზნე ჯგუფებისათვის (დროის მართვა; პროექტების შედგენა; პროფესიული ორიენტაცია; გრანტის მოპოვება; კონფერენციების მოწყობა; სამეცნიერო კვლევის მეთოდიკა;  ადგილობრივი მართვა; საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვა).
მიმდინარე წელს სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“ აგრძელებდა ტრენინგების ციკლს.
2015 წლის 23, 30 მარტს ჩატარდა ტრენინგი  თემაზე: „პროექტების შედგენა არასამთავრობო სექტორისათვის“. სწავლების ინდუქციური მეთოდის საფუძველზე ტრენინგის პირველი ნაწილი (23 მარტი) დაეთმო პრაქტიკულ მეცადინეობას (გუნდური მიკროპროექტების შედგენა-პრეზენტაცია), ხოლო მეორე (30 მარტი) - ჯგუფური დისკუსიების მეშვეობით თეორიული დებულებების გამომუშავებას.
ტრენინგის დასასრულს ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ  მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები. ღონისძიების დაწყებამდე მან ცენტრის ფუნქციურ დატვირთულობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ მისი საქმიანობის საზღვრები ფართოვდება და საერთაშორისო დატვირთვას იძენს. ბატონმა თეიმურაზმა ცენტრს მხარდაჭერა გამოუცხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
- 2016 წელს დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება შემდეგ თემებზე: პროფესიული ორიენტაცია; კონფერენციების მოწყობა; სამეცნიერო კვლევის მეთოდიკა; ადგილობრივი მართვის პრინციპები.


12)    ცენტრ ,,იდეა“-ს  თანამშრომლობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან

ცენტრის ინიციატივით, ორგანიზებით და მონაწილეობით 2015 წლის 22 იანვარს სიღნაღში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის. უნივერსიტეტის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ.
მემორანდუმის მიხედვით მხარეები მიზნად ისახავენ, ხელი შეუწყონ საქართველოში სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებსა და ადგილობრივი მართვის ორგანოებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.
თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, მმართველობითი, საექსპერტო პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების და სიმპოზიუმების ჩატარებას, კადრების მოსამზადებელი, სატრენინგო პროგრამებისა და ლექცია სემინარების ჩატარებას, როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის, ასევე, ყველა დაინტერესებული მხარეების/ჯგუფების/ინდივიდების, მათ შორის ბიზნესსუბექტების და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სტუდენტების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის.
მემორანდუმის ფარგლებში 2015 წლის 20-21 სექტემბერს სიღნაღში ჩატარდა ზემოაღნიშნული II საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა“.
- მიმდინარე წლის 25 ნოემბერს დაგეგმილია ცენტრის ძალებით „ნეტაფიმ-საქართველო“-სთან ერთად სიღნაღში ჩატარდეს ტრენინგი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისა და ფერმერებისათვის (თემები: „პროექტების შედგენა“ და „სასათბურო-სარწყავი სისტემების ორგანიზაცია“).

13)    ცენტრ ,,იდეა“-ს  თანამშრომლობა
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ანალიტიკური დოკუმენტისა და გეგმის შემუშავება დაიწყეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს პროექტის - „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ფინალურ ეტაპზე გადავიდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების გუნდი: მარიამ ჯიბუტი (ცენტრ „იდეა“-ს წევრი) , შოთა ჯიბუტი (ცენტრ „იდეა“-ს წევრი), ანა ახვლედიანი, ანა სალიაშვილი და ნოდარ ვაწაძე.
2015 წლის 21 სექტემბერიდან 4 ოქტომბრამდე გუნდი იმყოფებოდა ტრენინგებზე  პოლონეთსა და გერმანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების დეტალურად შესასწავლად.
2015 წლის 23 ოქტომბერს გუნდმა მესტიის მუნიციპალიტეტში გამართა პრეზენტაცია, სადაც გამგეობის წარმომადგენლებს წარუდგინა კვლევითი პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტები.


14)    თანამშრომლობა - თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრთან

2015 წელს ცენტრი ,,იდეა“ მჭიდროდ თანამშრომლობდა - თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრთან (დირექტორი - ეკონომიკის დოქტორი  ვახტანგ ჭარაია) პროექტ „ლიდერის“ ფარგლებში. ცენტრ „იდეა“-ს წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტ „ლიდერის“ ღონისძიებებში, სადაც მოიპოვეს შესაბამისი ჯილდოები და სერტიფიკატები.


15)    ცენტრ ,,იდეა“-ს მონაწილეობა მთარგმნელობით პროექტში -
S. Robbins, M. Coulter. Management, 2014.


2015 წლის განმავლობაში ცენტრ ,,იდეა“-ს წევრები გ. შიხაშვილი და თ. თაქთაქიშვილი უძღვებოდნენ სარედაქციო-საორგანიზაციო მუშაობას, რომელიც ხორციელდება მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის მიერ ინგლისურიდან ნათარგმნი სახელმძღვანელოს (S. Robbins, M. Coulter. Management, 2014) თსუ-ში გამოსაცემად.


16)    ცენტრ ,,იდეა“-ს წევრების მონაწილეობა
სხვადასხვა პროექტებში და ღონისძიებებში


2015 წლის განმავლობაში ცენტრ ,,იდეა“-ს წევრები ინდივიდუალურად და ცენტრის სახელით მონაწილეობდნენ საქართველოში და უცხოეთში გამართულ არაერთ კონფერენციაში, ტრენინგებში, გაცვლით და საგრანტო პროგრამებში, პროექტებში და სხვა ღონისიებებში, სადაც მოიპოვეს შესაბამისი ჯილდოები და სერტიფიკატები.

_ _ _ _ _ _ _


უმთავრესი დასკვნა

მთლიანობაში, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრმა „იდეა“-მ  2015 წელს ნაყოფიერად იმუშავა. ახალ, 2016 წელს ცენტრი ხვდება დიდი ენთუზიაზმით  და საინტერესო გეგმებით, რომელთა განხორციელებისათვის ცენტრის წევრები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
ამ ეტაპზე ტარდება მოსამზადებელი სამუშაოები და იგეგმება სამეცნიერო-კვლევითი, საკონფერენციო, სასწავლო-სატრენინგო და მთარგმნელობითი პროექტები 2016 და შემდეგი წლებისთვის.


_ _ _ _ _ _ _



ცენტრ ,,იდეა“-ს 2016 წლის გეგმების შესახებ

2016 წელს ცენტრ „იდეა“-ს ინიციატივით, ორგანიზებით და მონაწილეობით დაგეგმილია შემდეგი ძირითადი პროექტების/ღონისძიებების  განხორციელება:
- 2016 წლის მაისში თსუ-ში - III საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  თემაზე: „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ტრადიციული და უახლესი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა“;
- 2016 წლის ივნისში ყაზბეგში - ტრენინგი მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისთვის;
- 2016 წლის 22-23 ოქტომბერს - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ქრისტიანობა და ეკონომიკა - 2016“;
- 2016 წელს - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება;
- ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს მხარდაჭერით 2016 წელს ცენტრის წევრი სტუდენტების გაგზავნა სტაჟირებაზე ისრაელში ფირმის ცენტრალურ ოფისში;
- 2016 წელს - ტრენინგების ჩატარება ცენტრის წევრებისთვის შემდეგ თემებზე: პროფესიული ორიენტაცია; კონფერენციების მოწყობა; სამეცნიერო კვლევის მეთოდიკა; ადგილობრივი მართვის პრინციპები;
- 2016 წლის განმავლობაში - თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება მცხეთისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების გამგეობებთან;
- 2016 წლის განმავლობაში - თანამშრომლობის დაწყება და განვითარება აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან:
- 2016 წლის განმავლობაში - გასვლითი ლექცია-სემინარები და ტრენინგები საშუალო სკოლებში;
- სასწავლო შემოქმედებითი პროექტების სემესტრული პრეზენტაციები.


გიორგი შიხაშვილი

სტუდენტური კვლევებისა და პროექტების
ცენტრ „იდეა“-ს დირექტორი,
მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის
ასოცირებული პროფესორი
    

28 ოქტომბერი, 2015 წელი

Print

« იხ. ყველა სიახლე