იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის ვიზიტი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვევით თბილისში სტუმრად იმყოფება გერმანელი პროფესორი, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, ეკონომიკური ინფორმატიკის კათედრის გამგე იოჰანეს რუჰლანდი. მათი ვიზიტის მიზანია იენის და თბილისის  უნივერსიტეტების ეკონომიკის ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. ბატონი რუჰლანდი უკვე შეხვდა თსუ რექტორს პროფესორ გიორგი ხუბუას, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ელენე ხარაბაძეს, ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს და მაგისტრანტებს. ამას გარდა, 24 ივნისს, 12 საათზე, მაღლივი კორპუსის ეკონომისტების ახალ ბიბლიოთეკაში დაგეგმილია ბატონი რუჰლანდის საკუთარი ნაშრომის პრეზენტაცია სამედიცინო სფეროს მენეჯმენტში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.