XXI საერთაშორისო სიმპოზიუმზე ვენაში - EMCSR-2012

1365 წელს დაარსებული ვენის უნივერსიტეტი უძველესია გერმანულენოვან უნივერსიტეტებს შორის და  ერთ-ერთი უდიდესია ცენტრალურ ევროპაში. აქ დღეისათვის 91 000 სტუდენტი იღებს განათლებას 180 სპეციალობით. ვენის უნივერსიტეტი ავსტრიის უდიდესი სასწავლო და სამეცნიერო ცენტრია 9400 დასაქმებულით, რომელთა შორის 6700 მეცნიერი და აკადემიური პერსონალია.
2012 წლის 10-13 აპრილს უნივერსიტეტმა უმასპინძლა XXI საერთაშორისო სიმპოზიუმს „კიბერნეტიკისა და სისტემის კვლევის ევროპული შეხვედრები“, რომელიც 1972 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს სიმპოზიუმში მონაწილეობდა 168 მეცნიერი 60 ქვეყნიდან. სიმპოზიუმს აშუქებდა 15 ჟურნალისტი. სიმპოზიუმი ჩატარდა 19 მიმართულებით, პარალელურად მიმდინარეობდა დოქტორანტთა კოლოქვიუმი.
სიმპოზიუმის დილის სხდომებზე ძირითად მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები, პროფესორები: ირვინ ლაზლო (ჯორდანო ბრუნოს გლობალური ცვლილებების უნივერსიტეტი, აშშ), ედგარ მორინი (პარიზი, საფრანგეთი), პიტერ ერდი (მიჩიგანი, აშშ), პიტერ ჩერმლი (ბუდაპეშტი, უნგრეთი), მერილინ ემერი (მონრეალი, კანადა).
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ინეზა გაგნიძისა და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტის ნანა მაისურაძის ნაშრომი „საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირები – ინოვაციური განვითარების უმოკლესი გზა“, მოწონებული იქნა ორი რეცენზენტის მიერ და დაშვებული იქნა სიმპოზიუმზე „ნ“: „სირთულე და მენეჯმენტი: ინოვაციის კონცეფციიდან სოციალურ პასუხისმგებლობამდე“.
საქართველოს წარმომადგენელთა მოხსენებამ სხდომის მონაწილეთა ინტერესი გამოიწვია. პროფ. მატიაშ მიული (სიმპოზიუმის თანათავმჯდომარე, სისტემებისა და კიბერნეტიკის საერთა¬შო¬რისო აკადემიის პრეზიდენტი (ვენა, ავსტრია), მარიბორის უნივერსიტეტი, სლოვენია) დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პროცესებითა და  რელიგიისა და განათლების ურთიერ¬თო¬ბებით, ხოლო პროფ. პიტერ ერდი – საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით. სტატიის ავტო-რებმა ამომწურავი პასუხები გასცეს მსმენელებს. მოხსენება დადებითად შეაფასა პროფ. მ. მიულიმ. მან საქართველოს წარმომადგენელთა მიერ გადაცემული საჩუქრები (თსუ-ს სამეცნიერო ჟურნალი და საქართველოს ციხე-სიმაგრეების ისტორიული მიმოხილვა ქართულ-ინგლისურ ენებზე) გადასცა მარიბორის უნივერსიტეტის რექტორსა და ბიბლიოთეკას. პროფ. ინეზა გაგნიძე უკვე მიწვეულია მომავალ სიმპოზიუმზე.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სახელით სიმპოზიუმის თავმჯდომარეს, ლ. ვ. ბერთალანფის სახელობის სისტემის მეცნიერებათა შესწავლის ცენტრის პრეზიდენტს, ასოც. პროფ. ვოლფგანგ ჰოფკირჩნერსა და ორგანიზატორს შტეფან ვონ ბლანჩფელნერს გადაეცათ უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი წიგნები და ქართული ღვინო უნივერსიტეტის ემბლემით.
დიდია მსოფლიოს ქალაქებს შორის ცხოვრების ხარისხის მიხედვით ბოლო ოთხი წლის მანძილზე ლიდერის, ვენის დათვალიერებით მიღებული შთაბეჭდილება.